გირევის კოშკი — კოშკი თუშეთში, ნასოფლარ გირევის დასავლეთით 0,5 კილომეტრზე, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

იგი ხუთსართულიანია (4,2 X 3,9 მ, სიმაღლე 18,3 მ), ზემოთკენ შევიწროვებული, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკის პირველი და ზედა სართული შეკრული კამარითაა გადახურული, დანარჩენების კი, ხის კოჭებს დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონია. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია - მიწიდან 2,1 მეტრის სიმაღლეზე. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. სართულის დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. პირველი სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი სათავსია. პირველი სართული მეორე სართულთან, კამარაში მოწყობილი სწორკუთხა ხვრელითაა დაკავშირებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში სარკმელია, დანარჩენ კედლებში – თითო სათოფური. მესამე და მეოთხე სართულების გადაწყვეტა მეორის ანალოგიურია. მეხუთე სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს, რომელთა ზემოთ ისრულთაღოვანი სარკმელი „სამზირი“ გრძელდება.

კოშკის ოთხივე ფასადზე, III და IV სართულის დონეზე, ჭადრაკულად განლაგებული კვადრატული ნიშებით გამოყვანილი პატარა რომბებია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ოთხ-ოთხი ასეთი რომბია, ხოლო სამხრეთ ფასადზე - სამი. კოშკს საფეხურებიანი პირამიდისებრი გადახურვა აქვს.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება