გიორგი ჭაჭიაშვილი
გიორგი (გოგი) ჭაჭიაშვილი (დ. 1 აგვისტო, 1898, არგვეთა — გ. 1943) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ჭაჭიაშვილი დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში შეძლებული აზნაურის ოჯახში. დედა გახლდათ პაშა აბაშიძე. ჭაჭიაშვილების ადგილ–მამული, რომელიც სოფელ არგვეთიდან თითქმის მდინარე ყვირილამდე იყო განფენილი, იმდენად ლამაზი და ტრადიციული იყო, რომ დიდ რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს კინოფირზე გადაუღია. ამ კინოკადრებს წლების შემდეგაც აჩვენებდნენ კინოთეატრებში კინოჟურნალის სახით.
დაწყებითი განათლება გიორგიმ იმპერატორ ალექსანდრე პირველის სახელობის თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში მიიღო. სწავლის პერიოდში იგი თბილისში ცხოვრობდა მამიდასა და ბიძასთან, ცნობილ მათემატიკოს ოქროპირ ხევსურიანთან. ასევე ცნობილი ფიზიკოსი იყო მეორე მამიდის, ლუბას მეუღლე დავით ჩარკვიანიც. ცხადია, რომ ამ ღირსეულმა და განათლებულმა ოჯახებმა ფრიად დადებითი ზეგავლენა მოახდინეს ჭაბუკის აღზრდა-ჩამოყალიბებაზე.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გიორგი ჭაჭიაშვილმა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტი ახალდაარსებული იყო, მაგრამ ღირსეული კადრების სიმცირეს არ უჩიოდა. სამკურნალო ფაკულტეტზეც მრავალი თვალსაჩინო მეცნიერი და პედაგოგი მოღვაწეობდა. მათ შორის: ალექსანდრე ნათიშვილი, ალექსანდრე ალადაშვილი, სპირიდონ ვირსალაძე, ვლადიმერ ჟღენტი და ბევრი სხვა. სწავლების დონე მაღალი რომ იყო ისიც მოწმობს, რომ მე-5 კურსის სტუდენტმა გიორგი ჭაჭიაშვილმა აქ მიღებული ცოდნის მარაგით შეძლო სწავლის გაგრძელება პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. ხოლო, რამდენიმე წლის შემდეგ მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა და მუშაობა დაიწყო პარიზის სენ ჟოზეფის სახელობის კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში, პროფესორ ედმონდ პაპენის ხელმძღვანელობით. ამავე კლინიკის უროლოგიურ მასალაზე დაყრდნობით დაიცვა დისერტაცია თემაზე „თირკმლის ფიალებისა და შარდსაწვეთის დვრილების სიმსივნეები“, რომელიც 1935 წელს მონოგრაფიად გამოსცა და მიუძღვნა თავის პირველ მასწავლებელს საქართველოში – პროფესორ ალექსანდრე ნათიშვილს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭაჭიაშვილი სტუდენტობის პერიოდშიც ხმალამოღებული იდგა სამშობლოს სადარაჯოზე და თუ საქართველოს მტერი თავს დაესხმოდა, იგი უმალ დგებოდა მის დამცველთა რიგებში. ასე მოხდა მაგალითად, 1920 წელს, როდესაც სომხეთის ჯარებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახეს და მესხეთის ნაწილის ოკუპირება მოახდინეს. მან მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, თურქების წინააღმდეგ ასპინძასთან გამართულ ბრძოლებშიც, რომელიც ქართული ჯარის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. ფრონტიდან გამოგზავნილ წერილში ჭაბუკი სიამაყით ამცნობს თავის სატრფოს, რომ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და მოსაზრებულობისთვის მან ლეიტენანტის სამხედრო წოდება დაიმსახურა. გიორგის რჩეული მისივე თანაკურსელი, მშვენიერი ელენე მაჭავარიანი გახლდათ, რომელიც მალე, 1922 წლის 3 ოქტომბერს მისი მეუღლე გახდა.
1921 წლის თებერვალში გიორგი ჭაჭიაშვილი სხვა სტუდენტებთან ერთად ტაბახმელასთან იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ქართველთა ლაშქრის დამარცხების შემდეგ იმალებოდა, მაგრამ დაპატიმრებას მაინც ვერ ასცდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული იყო სამშობლოდან გახიზნულიყო. არალეგალურად გადაკვეთა თურქეთის საზღვარი და საბოლოოდ შუაგულ ევროპაში, პარიზში დამკვიდრდა.
საფრანგეთში გიორგი ჭაჭიაშვილის საექიმო მოღვაწეობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ბატონი გიორგის სამეცნიერო და კლინიკურ მიღწევებს თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მისი სადისერტაციო ნაშრომი. მონოგრაფია ყურადღებას იქცევს შესწავლილი მასალის სიუხვით (400 ავადმყოფი) და ფილიგრანული ოპერაციების სრულყოფილი აღწერით.
II მსოფლიო ომის დროს გიორგი ჭაჭიაშვილი გაწევრიანდა ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფ „ბერგმანში“. იგი მიეკუთვნებოდა ემიგრანტთა იმ ნაწილს, რომლებიც კარგად ხედავდნენ ნაციზმის ნამდვილ სახეს, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი არ იქნებოდა გერმანიის მუდმივი მმართველი და მის შემდეგ გერმანიის პოლიტიკა დაპყრობილ ტერიტორიებზე შეიცვლებოდა. „ბერგმანში“ გაერთიანებული ქართველები უცხო დროშის ქვეშ მხოლოდ იმ მიზნით იბრძოდნენ, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობა დაებრუნებინათ.
ჯარში გიორგი ჭაჭიაშვილის პირობითი გვარი იყო „შაცი“. იგი სანიტარული სამსახურის უფროსად მუშაობდა. მისი მიზანი დაჭრილ-დასახიჩრებულ მეომართა გადარჩენა იყო და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ კეთილშობილ მიზანს შეეწირა. ყირიმის ფრონტზე ქალაქ ევპატორიასთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილის გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. იგი იქვე დაუკრძალავთ, თუმცა მოუხერხებიათ და ხის ჯვარის ნაცვლად ქვის ობელისკი დაუდგამთ, რომელზეც ლათინური ასოებით ორი სიტყვაა გამოყვანილი „დოქტორი შაცი“ (“Doktor Schatz”).
ბედის უკუღმართობით დაშორებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ბატონი გიორგი და ქალბატონი ელენე, ერთმანეთს ვეღარასოდეს შეხვდნენ, თუმცა მიმოწერა ჰქონდათ. ელენე მაჭავარიანი მეან-გინეკოლოგი გახდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა თბილისის კლინიკებში. სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდა მათი შვილი, ლევან ჭაჭიაშვილიც – უმაღლესი კატეგორიის ქირურგი და ტრავმატოლოგი, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Tumeurs papillaires du bassinet et de l'uretere / Georges Tchatchiachvili ; La Fac. de med. de Paris. - Paris, 1935. - 130 p. : tab.. - Bibliogr.: pp. 111-130.
ლიტერატურა
რედაქტირება- რაჭველიშვილი ბ., მას რომ სამშობლო უყვარდა, თბ., 2006