გიორგი სანიკიძე
გიორგი სანიკიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი მეცნიერი და ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
გიორგი სანიკიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 ოქტომბერი, 1962 (62 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1984 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
კარიერა
რედაქტირება1986 წლიდან მუშაობდა გიორგი წერეთელის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2002 წლიდან არის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. 1996-2002 წლებში იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა პარიზი-სორბონა-III და პარიზი-სორბონა-IV უნივერსიტეტებში, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, ჰოკაიდოსა და ოსაკას უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს ფულბრაიტის, დიდროს, იაპონიის ფონდის, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, კარნეგის ფონდის, რუსთაველის ფონდის, ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, „ევრაზიის“ ფონდის, INTAS-ის სტიპენდიები და გრანტები. მონაწილეობდა 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმში. ლექციებს კითხულობდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, მონტანას უნივერსიტეტში, სორბონა-III და სორბონა-IV უნივერსიტეტებში, ვასედას, ჰოკაიდოს, ოსაკას და კიოტოს უნივერსიტეტებში, მეხიკოს იბეროამერიკანას და ანაჰუაკის უნივერსიტეტებში. არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციისა და საზოგადოების წევრი.
მუშაობს ახლო აღმოსავლეთის (უპირველესად ირანის) ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობაზე, საქართველოსა და კავკასიის ისტორიული ურთიერთობებზე აღმოსავლეთის ქვეყნებთან, თანამედროვე ისლამთან და ისლამურ მოძრაობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, „ორიენტალიზმის“ საკითხსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებზე, აღმოსავლურ ისტორიოგრაფიაზე.
სამეცნიერო ნაშრომები
რედაქტირებასანიკიძე არის დაახლოებით 80-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის (გამოქვეყნებულია 11 ქვეყანაში), არაერთი სახელმძღვანელოსა და საგაზეთო სტატიის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ისმაილიანთა სახელმწიფოს შექმნა ირანში“, დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „შიიზმი და სახელმწიფო ირანში“, რომელიც დაიცვა 2001 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება2012 წელს ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის დარგებში განხორციელებული კვლევებისათვის მიღებული აქვს „ფარაბის საერთაშორისო პრემია“ (იუნესკოს და ისესკოს (ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის კვლევითი ცენტრი, ირანი) ერთობლივი კონკურსი).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან = A history of the Middle East and its relations with the South Caucasus: (XIX ს.-XXI ს.-ის დასაწყისი), თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2011, გვ. 643 ISBN 9789941180705
- შიიზმი და სახელმწიფო ირანში = Shiisme et etat en Iran, თბ., უნივერსალი, 2005, გვ. 402 ISBN 9994051199
- ისლამი და მუსლიმები თანამედროვე საქართველოში, თბ., ლოგოსი, 1999, გვ. 66 ISBN 9992865474
- სანიკიძე გიორგი, ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: განსხვავებული რეალობები, განსხვავებული შესაძლებლობები, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2022, ISBN 978-9941-18-385-0.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 432
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი სანიკიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გიორგი სანიკიძე ილიაუნის საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-20. ციტირების თარიღი: 2022-07-14.