გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი
გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი — გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მუზეუმი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. მუზეუმი გაიხსნა 2007 წელს, მას შემდეგ, რაც გენერლის მშობლიურ სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია.
მუზეუმში გამოფენილია 122 ექსპონატი: გენერლის პირადი ნივთები, ფოტო სურათები, იარაღები, რუკები, ავეჯი, ხალიჩები, ჭურჭელი და ა. შ.
სახლი ერთსართულიანია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და ხე. სახლი ოროთახიანია. ოთახებს შუა დატანებულია ორი ხის კარი. ადგილ-ადგილ ვხვდებით აგურის წყობას. სახლის ორივე გვერდითა ფასადის კედელი ყრუა. უკანა კედელზე დატანებულია ერთი კარი და ოთხი ფანჯარა. როგორც მთავარ ფასადს, ასევე უკანას მთელ სიგრძეზე მიუყვება აივანი, რომელიც სამხრეთიდან ყრუ კედლითაა დასრულებული. აივნების მთავარ მხატვრულ ეფექტს ქმნის ჭვირული მოაჯირი და ფარდები. მოაჯირზე ორნამენტის შესაქმნელად ამოხერხილია ნახევარწრიული, რომბისებური და წრიული სახეები, ხოლო სამკუთხა და ირეგულარული ფორმები ფარდებზე. აივნების გადახურვის კონსტრუქცია ეყრდნობა შვიდ რვაკუთხა ხის სვეტს. მთავარი ფასადის ზემოთ ხის ფიცრებით შექმნილი ფრონტონია, რომელიც შემოსაზღვრულია ორმხრივ დაქანებული სახურავითა და ხერხულა ლავგარდანით. ფრონტონი ქვემოდან ეყრდნობა პროფილირებულ კრონშტეინებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26463
- დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი