გიორგი ლოლუა

ქართველი ინჟინერი და პოეტი

გიორგი ლოლუა (დ. 19 ივნისი, 1919, სოფ. ზემო ქვალონი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 21 დეკემბერი, 1990) — ქართველი ინჟინერი და პოეტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ლოლუა 1919 წლის 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ ზემო ქვალონში, ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის N1 სკოლა, 1941 წელს კი — საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერ–ელექტრიკოსის სპეციალობით.

II მსოფლიო ომში 1941 წელს გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მალე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ემიგრანტმა ქათველებმა იხსნეს და ქართულ ბატალიონში ჩაწერეს. 1944 წელს ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ომის შემდეგ საბჭოთა მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვა. ინტერნირებულებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს, იქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირში ხვდებოდნენ. გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა მილანელ ქალიშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ომის წლებში ჰქონდა მიმოწერა. 1947 წელს საბჭოთა კავშირის მხარის მოთხოვნით საფრანგეთისა და იტალიის სოციალუსტურმა მთავრობებმა „კოლაბორაციონიზმის“ ბრალდებით დააპატიმრეს გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართველები. 1950 წელს იტალიაში კუნძულა ლიპარის ბანაკში ტყვედ იყო და შველას ითხოვდა 11 ქართველი, რომელთა შორისაც იყო გიორგი ლოლუა. 1951 საერთაშორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით და მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარის ალექსანდრე კორძიას აქტიურობით ქართველი ტყვეები გაანთავისუფლეს და ნეაპოლთან სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს.

გიორგი ლულუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარანაში ერთ-ერთი საამქროს მთავარ ინჟინრად მუშაობდა, სადიანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაზე.

ლექსების წერა გიორგი ლოლუამ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941–1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში „კომუნისტსა“ და „თბილისში“ დაიბეჭდა. ასევე რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებში „ქართველი ერი“ და „საქართველო“ დაიბეჭდა. ომის შემდეგ კი ერთი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალ „ბედი ქართლისაში“. „მამულში“ გამოქვეყნებულმა მისმა ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1939–1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ გურამ შარაძეს გამოუგზავნა.

გიორგი ლოლუამ თავის ერთი ლექსი ინგლისურად თარგმნა და ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა. წერდა მოთხრობებსაც, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო. უკვე უკურნებელი სენით დაავადებული გიორგი ლოლუა მეუღლეს, რომელმაც ქართული არ იცოდა, სთხოვდა, მასთან ქართულად ელაპარაკა. 1990 წლის 21 დეკემბერს გიოგი ლოლუა გარდაიცვალა.

გიორგი ლოლუას სამი შვილი — სანდრო, ლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რუსუდან დაუშვილი, ქართული ემიგრაცია ამერიკაში, თბ., 2014.
  • რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი, ქართველები უცხოეთში, თბ., 2012.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება