გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი
გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი — სახლ-მუზეუმი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში. აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის, ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმინდა შიოს ტაძარში საწირველად XIX საუკუნის 60-იან წლებში გადმოიყვანეს. იგი 1968 წლიდან გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმად გამოაცხადდა.
სახლი ორსართულიანია, იგი ნაგებია აგურით და რიყის ქვით. ორივე სართულზე ორ-ორი ერთმანეთის გვერდით განლაგებული ოთახია, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება შიდა კარით. ეზოს მხრიდან ორივე სართული ორ-ორი კარით და ოთხ-ოთხი სარკმლითაა გახსნილი. სახლის ზურგის კედელი ყრუა. მეორე სართულზე სარკმლები გაჭრილია, პირველი სართულის გვერდითა კედლები კი ყრუა. მეორე სართულის მთელ სიგრძეზე აივანია, სადაც ასვლა ორნაწილიანი კიბით არის შესაძლებელი, აივანი დაყრდნობილია ხის სვეტებზე. დასავლეთის მხარეს, აივნის ქვეშ ღია ბუხარია გაკეთებული. პირველ სართულზე მდებარეობს ოთახები, რომლებიც სამზარეულო და სარძევე იყო, სადაც ახლა მუზეუმის ადმინისტრაციული ოთახია განთავსებული, მეორე ოთახში საცხოვრებელი ოთახებია.
სახლის აღმოსავლეთ მხარეს მიდგმული აქვს მარანი. მარნის ზურგზე გაკეთებულია თაღჩები, სახლის კედელზე კი დიდი საწნახელია მიდგმული. მარანი კრამიტითაა გადახურული. სახლს აქვს საგვარეულო ეზო, რომელიც ხის ღობით არის შემოღობილი. ჭიშკარი ხისაა. სახლში დაცულია: დიდი საოჯახო ტახტი, სადაც გოგლა დაიბადა, გოგლას საწოლი ტახტი, პოეტის საგვარეულო ავეჯი, მისი კოსტუმი, პირადი ნივთები, ასევე ლადო გუდიაშვილის ორი ნახატი – გოგლას ორი პორტრეტი.
სახლი XIX საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ სოფლებისთვის დამახასიათებელი სახლის ნიმუშსს წარმოადგენს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემორჩენილი თავდაპირველი სახე, ის ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.