გიორგი დონაძე
გიორგი დონაძე (დ. 3 ოქტომბერი, 1978, თბილისი) — ქართველი ხალხური მომღერალი, ლოტბარი, გუნდის დირიჟორი, ხალხური სიმღერების აღმდგენი და პოპულარიზატორი.
დაიბადა ტრადიციულ ოჯახში და ბავშვობიდანვე დაიწყო შემსრულებლობა. დედასთან ერთად გიორგის პირველი მასწავლებლები ბებია და ბებიის ძმა იყვნენ, რომელიც 50-70-იან წლებში ამბროლაურის სარაიონო გუნდში მღეროდა. 12 წლისა ანსამბლ „ფაზისში“ ძმასთან ერთად მღეროდა, შემდეგ იყო ანსამბლ „მძლევარში“, 1995 წელს კი გიორგიმ საკუთარი ანსამბლი „ბერიკა“ ჩამოაყალიბა და „ოქროს მართვეს“ ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო.
ანსამბლებ „ბერიკაში“, „ბიჭებსა“ და „ლაშარში“ მღერის პარალელურად 1999 წელს დაამთავრა თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის N3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, მოგვიანებით კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა აკადემიური გუნდის დირიჟორის სპეციალობით (2009).
გიორგი დონაძის მასწავლებლები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი, ჯუმბერ ყოლბაია, ტარიელ და კახა ონაშვილები, თამაზ ანდღულაძე, პოლიკარპე ხუბულავა, ოთარ ბერძენიშვილი, ტრისტან და გური სიხარულიძეები, ისლამ ფილფანი და იოსებ კეჭაყმაძე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის თბილისის 28-ე სამუსიკო სკოლის პედაგოგად, საქართველოს საპატრიარქოს ხალხური სიმღერის აღდგენა-განვითარების ფონდის დირექტორად და ფონდი „ქართული გალობის“ პროექტების მიმართულების ხელმძღვანელად. 2000 წელს დააარსა ანსამბლი „ბასიანი“. 2003 წლიდან დღემდე ანსამბლში უცვლელი შემადგენლობაა, 2013 წელს კი „ბასიანს“ ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის წოდება მიენიჭა.
გიორგი დონაძემ ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად აღადგინა და გააცოცხლა ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში. „ბიჭებში“ მღერისას მას ანზორ ერქომაიშვილმა აღადგენინა გიგო ერქომაიშვილის მაყრულები, სიმღერებს სწავლობს და აღადგენს უშუალოდ ეთნოფორებისგან და უძველესი ჩანაწერებიდან. მისთვის უპირატესია ვარიანტულობა და იმპროვიზაცია, გატაცებულია გურული პოლიფონიით და გურულ ტრიოში მღერით. აქვს საკუთარი სტილი და დირიჟორობის მანერა.
2014 წლიდან გიორგი დონაძე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. 2020 წლისთვის ის ასევე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, პარალელურად თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ასწავლის და საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს ხელმძღვანელობს.