მაყრული
მაყრული — ქორწინების წესთან დაკავშირებული ქართული ხალხური მრავალხმიანი (ორ- და სამხმიანი) მამაკაცთა სიმღერა. სრულდება როგორც საქორწილო სამზადისის, ისე ქორწილისა და საქორწილო მსვლელობის დროს. ამ უკანასკნელს ეწოდება „მგზავრული მაყრული“. მაყრული ქორწილის დაწყებისა და სასრულების მაუწყებელიცაა. სიმღერას ასრულებს მაყრებისაგან შემდგარი გუნდი. მაყრულისთვის დამახასიათებელია მხნე, სიცოცხლით აღსავსე, მხიარული განწყობილება. სიმღერის მუსიკა კუპლეტური ფორმისაა, აგებულია მხნე ინტონაციაზე. მაყრულისთვის დამახასიათებელია მკვეთრი რიტმი, ენერგიული, ვაჟკაცური შესრულება. მაყრულის პოეტური ტექსტები გვიხასიათებს საქორწილო ჩვეულებებს, გადმოგვცემს ნეფე-დედოფლისა და მათი მშობლების განცდებს, ხოტბას ასხამს დაქორწინებულს და სხვა ტექსტებს. „მაყრულის“ ტექსტები ჩაიწერეს ვახტანგ კოტეტიშვილმა, თედო რაზიკაშვილმა, ივანე გვარამაძემ, სევასტი გაჩეჩილაძემ და სხვებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 507.
- თეიმურაზ მეორე, სარკე თქმული, თხზ. სრ. კრ., თბ., 1939;
- ქართული ფოლკლორი, ტ. 5 — ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, ნაწ. 2, თბ., 1975;
- ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, ტ. 1, თბ., 1960;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938;