გიორგი დვანაძე
გიორგი სვიმონის ძე დვანაძე (დ. 1829, სოფ. ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 1886, ხარკივის მახლობლად) — ქართველი თეატრის მსახიობი, პოეტი.
განათლება გორის სამაზრო სასწავლებელში მიიღო. იყო გიორგი ერისთავის თეატრალური დასის ერთ-ერთი პირველი წევრი. ერისთავის თეატრში შეასრულა როლები: დავით სერაშიძე, აზნაური გვერდელაძე (ზ. ანტონოვის „მინდა კნეინა გავხდე“ და „ქმარი ხუთი ცოლისა“), მარტირუზა, ხარაზი ასანა (გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“ და „თილისმის ხანი“). ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც, ჟურნალ „ცისკარში“ ბეჭდავდა ლექსებს (მის ლექსებზე სიმღერებსაც ქმნიდნენ), წერდა პიესებს (პიესა „სახლი კუკიაში“ დაიდგა 1852-1853 წლებში); ავტორია პოემისა „ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი“ (გამოიცა 1878 წელს).
თეატრის დაშლის (1856) შემდეგ სოფელში მეურნეობას მოჰკიდა ხელი და პარალელურად მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. მოგვიანებით ადამიანის მკვლელობის ბრალდებით 10 წლის კატორღა და სამუდამოდ ციმბირში გადასხლება მიუსაჯეს. ციხეში ლექსად დაწერა ავტობიოგრაფია „სიყმაწვილიდან ჩემი ცხოვრება“. 1886 შეიწყალეს და გაათავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებამდე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 394.