გიორგი გვათუა
გიორგი (გიგო) კონსტანტინეს ძე გვათუა (დ. 10 ივნისი, 1829, ხობი, — გ. 4 თებერვალი, 1919, თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1909).
მეგრელ აზნაურთა ოჯახის წარმომადგენელი. მსახურობდა საიმპერატორო გვარდიის შენაერთში (მისი უდიდებულესობის საკუთარი კონვოი). მონაწილეობდა უნგრეთის რევოლუციის ჩახშობაში (1849), ყირიმის ომში (1853-1856), კავკასიის ომში (მ.შ., ღუნიბის აღებაში, 1859), პოლონეთის კამპანიაში (1863-1864), რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში (განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ყარსის ბრძოლაში 1877 წელს). ეკუთვნოდა ფელდმარშალ ალექსანდრე ბარიატინსკის ახლო გარემოცვას. 1880 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და ჩაირიცხა კავკასიის არმიის კავალერიაში. ერთხანს იყო აფხაზეთში კოდორის უბნის უფროსი.
1909 წელს გვათუა თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით, პენსიითა და მუნდირის ტარების უფლებით.[1] მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1880 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. გარდაიცვალა 1919 წელს, 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.[2] დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (ხმლებით, 1855) და II (1872) და წმ. ანას III (ხმლებით და ბაბთით, 1859) და II (1874), წმ. ვლადიმერის IV (ოფიცრობად სამსახურის 25 წლისთავის აღსანიშნავად, 1902) და III (1904) ხარისხის ორდენებით, ოქროს იარაღით წარწერით „მამაცობისთვის“ (ყარსის კამპანიაში თავის გამოჩენისთვის, 1877), ირანული „ლომისა და მზის ორდენით“ (III ხარისხის, 1864; 1863 წლის რუსულ ელჩობაში მონაწილეობისთვის).
ლიტერატურა
რედაქტირება- Гогитидзе, М. Д. Военная элита Кавказа : в 2 т. – Т. I : Генералы и адмиралы из Грузии / ред. Н. Джавахишвили. – Тбилиси : НИЦ ист. груз.-кавказ. отношений, 2007. – с. 102.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი გვათუა — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)