გიორგი აბულაძე (მეცნიერი)

გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

გიორგი აბულაძე (დ. 12 იანვარი, 1936, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.

გიორგი აბულაძე
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1936(1936-01-12)[1] (88 წლის)
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. სტუდენტობის დროს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მხაზველად, ხოლო 1959 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად კარტოგრაფიულ განყოფილებაში, შემდეგ აეროფოტომეთოდების ლაბორატორიაში. 1962 წლიდან აწყობს დამოუკიდებელ გლაციოლოგიურ ექსპედიციებს კავკასიონის მყინვარებზე მათი დინამიკისა და რეჟიმის შესასწავლად. 1964 წლეს პარალელურად მონაწილეობდა საქართველოს გეოგრაფიული ატლასის შედგენაში. არის რამდენიმე რუკის ავტორი. 1966-1968 წლებში სამეცნიერო სტაჟირებას გადიოდა მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიურ განყოფილებაში აკად. გ. ავსიუკის და ვ. კოტლიაკოვის ხელმძღვანელობით.

1970 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგიურ განყოფილებაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში რეგულარულად ჩაატარა კვლევები გლაციოლოგიაში დისტანციური მეთოდების გამოყენებით (კავკასიონი, პამირი, ალთაი, კამჩატკა, პოლარული ურალი, ჩრდილოეთის მიწა, შპიცბერგენი და სხვ.). 1987 წლიდან ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ დისტანციური ზონდირების ლაბორატორიას. 1989 წლიდან მუშაობდა ა.ჯანელიძის სახელობის დისტანციური ზონდირების სამეცნიედრო ცენტრის გამგედ. იმავდროულად იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დისტანციური ზონდირების და გეოინფორმაციული სისტემების სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის "დედამიწა" ხელმძღვანელი. 1992 მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. აქვე, 2001 წლიდან შეიქმნა გეოინფორმაციული სისტემების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასწავლო კლასი, სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის კათედრის პროფესორი.

1977 წელს საკანდიდატო სადისერტაციო ნაშრომში მიღებული შედეგები გლაციოლოგიური რუკების სახით გამოქვეყნდა "თოვლ-ყინულოვანი რესურსების მსოფლიო ატლასში".. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ორი სპეციალობით: გეომორფოლოგია და ევოლუციური გეოგრაფია და ხმელეთის ჰიდროლოგია, წყლის რესურსები და ჰიდროქომია. გამოქვეყნებული აქვს 28 სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებულია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1963). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთის მყინვარების კვლევა კარტოგრაფიული, გეოდეზიური და სტერეოფოტოგრამმეტრიული მეთოდებით (მდ. ენგურის მაგალითზე)", დაიცვა 1978 წელს, მოსკოვში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისტანციური გლაციოლოგიური მონიტორინგი გლაციოკარტოგრაფიული, გლაციომორფოგრაფიული, გლაციოჰიდროლოგიური ანალიზი (ცენტრალური კავკასიონის მაგალითზე)", დაიცვა 1999 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 16-17

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება