გივი გაჩეჩილაძე

ქართველი მთარგმნელი და ლიტერატურადმცოდნე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩეჩილაძე.

გივი რაჟდენის ძე გაჩეჩილაძე (დ. 5 აგვისტო, 1914, თბილისი — გ. 9 თებერვალი, 1974, იქვე) — ქართველი მთარგმნელი, პოეტი და ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გ. გაჩეჩილაძემ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, 22 წლისამ, თავის ორ დიდ მოძღვარს, შალვა ნუცუბიძესა და ერეკლე ტატიშვილს, წარუდგინა ინგლისურად დაწერილი სადიპლომო შრომა ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაზე. ამ შრომის ქართული ვარიანტი 1938 წელს უნივერსიტეტმა დასტამბა შ. ნუცუბიძის რედაქტორობით.

მთარგმნელობითი მოღვაწეობა გ. გაჩეჩილაძემ სტუდენტობისას დაიწყო და გაამდიდრა ქართული ლიტერატურა შექსპირის, ბაირონის, შელის, ბერნსის, კიტსის, კიპლინგის, თომას მურის, ლონგფელოს, გოეთეს, ჰიუგოს, პუშკინის, ტიუტჩევის, შევჩენკოს, ბლოკის, ბრიუსოვის, ბაჟანისა და სხვათა შესანიშნავი თარგმანებით. მისი რედაქტორობით გამოიცა შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული ქართულ ენაზე.

გივი გაჩეჩილაძეს ღრმად ჰქონდა დამუშავებული მხატვრული თარგმნის თეორიის საკითხები. ამ პრობლემას მიუძღვნა მკვლევარმა მრავალი ნაშრომი, მათ შორის: „მხატვრული თარგმნის თეორიის საკითხები. რეალისტური თარგმნის პრობლემა“ და „მხატვრული თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობანი“. ეს უკანასკნელი 1972 წელს გამოიცა მოსკოვში და თარგმნილია უცხო ენებზე.

1962 წლიდან სათავეში ედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 99, თბ., 1994