გია გვიჩია
გია გვიჩია (დ. 18 ივნისი, 1962, ჭალადიდი) — ქართველი ბიზნესმენი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1979 წელს გია გვიჩიამ დაამთავრა სამტრედიის რუსული საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა. ჩაირიცხა სმოლენსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო სანქტ-პეტერბურგის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში და სამეწარმეო საქმეს დაეუფლა. 1988 წელს, ინსტიტუტი დაამთავრა და ოფიციალური განაწილებით ლუდსახარშ „სტეპან რაზინში“ მოხვდა. ეს საწარმო პეტერბურგში ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან არსებობდა და პირველი ლუდსახარში იყო რუსეთში. გიამ ჯერ რიგით ეკონომისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ გასაღების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. კარიერულ კიბეზე სწრაფად წაიწია და სულ მალე კომერციული დირექტორის თანამდებობა დაიკავა. XX საუკუნის 90-იან წლებში, მასობრივი პრივატიზაციის პროცესში, ლუდსახარშის აქციების საკონტროლო პაკეტი საწარმოს თანამშრომლების ხელში აღმოჩნდა. გია გვიჩია, რომელიც ლუდის კომბინატის გერმანული კომპანიისთვის მიყიდვას აპროტესტებდა, ლუდსახარშის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2001 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლამდე ღია სააქციო საზოგადოება „კომბინატ სტეპან რაზინის“ პრეზიდენტი იყო. 2005 წლიდან კომბინატს სახელი შეეცვალა და ეწოდა „ღია საზოგადოება „ზავოდ სოლოდა ი პივო“.
რუსეთის ბაზარზე ლუდის წარმოების მსხვილი უცხოელი მოთამაშეების შესვლის გამო, დამოუკიდებლობის შენარჩუნება გაჭირდა და სააქციო საზოგადოებას პრობლემები შეექმნა. ზედიზედ რამდენიმე წელიწადი „სტეპან რაზინი“ ზარალზე მუშაობდა. აუცილებელი გახდა კომპანიის გაყიდვა. გია გვიჩიამ და მისმა პარტნიორებმა „Heineken”-ის უაღრესად მომგებიანი წინადადება მიიღეს და 2007 წელს კომბინატი გაიყიდა. აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შემდეგ, გია გვიჩიას საკუთრებაში დარჩა მინის ქარხნები ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში, სადაც ხდება ბოთლების წარმოება. გია გვიჩია არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. რაც შეეხება სამშობლოსთან ურთიერთობას. იგი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მოწოდებას — უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს საქართველოში, მრეწველობის განვითარებისათვის ინვესტიციები განეხორციელებინათ და კაპიტალი მინერალური წყლის, „საირმის“, წარმოების განვითარებისა და მისი რეალიზაციის საქმეში დააბანდა. მან წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობით აღჭურვა, რის შემდეგაც მისი მოცულობა ერთიორად გაიზარდა და უცხოეთის ქვეყნებშიც იყიდება. სამკურნალო-მინერალური წყალი „საირმე“ რამდენჯერმე წარადგინეს სანქტ-პეტერბურგის „ლენექსპო 99“-ის საერთაშორისო გამოფენაზე და ოქროს მედალი მიაკუთვნეს. სანქტ-პეტერბურგში ბატონი გია ცნობილია, როგორც დიდი ქველმოქმედი და მეცენატი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეკლესიის მშენებლობის თუ რესტავრაციის საქმეში. ყოველთვის მონაწილეობს ქართული სათვისტომოს „ივერიის“ მიერ გამართულ ღონისძიებებში. გია გვიჩიამ სანქტ-პეტერბურგში ქართული ოჯახი შექმნა. მისი მეუღლეა ხათუნა ცისკარიშვილი. ჰყავთ 4 შვილი — ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი. 1999 წელს, რუსეთის ფედერაციამ მას მეგობრობის ორდენი გადასცა, საქართველოს მთავრობამ კი იმავე წელს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. რუსეთში გია გვიჩიას გარდა, კარგად იცნობენ მის დას, ნანა გვიჩიას, რომელიც სანქტ-პეტერბურგში, ქალაქის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე, დ. როგორ გახდა ხობელი გია გვიჩია მილიონერი //თბილისელები. 2009. გვ.25
- კუხალაშვილი გ. გია გვიჩია // კუხალაშვილი გენადი. ჩემი ცხოვრების ქარტეხილები. თბ., 2019. გვ. 383-390.