გერჰარდ მერკატორი

გერჰარდ მერკატორი (ლათ. Gerhardus Mercator; დ. 5 მარტი, 1512, რუპელმონდე — გ. 2 დეკემბერი, 1594, დუისბურგი) — ფლამანდიელი კარტოგრაფი. ლევენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ამზადებდა ზუსტ ოპტიკურ ხელსაწყოებს და სცემდა რუკებს, გარდა ამისა, ასწავლიდა გეოგრაფიასა და ასტრონომიას. იყო გეოგრაფისა და გრავიორის რენიერ ფრიზიუს გემას მოწაფე. 1537 წელს გამოუშვა 6 ფურცელზე არსებული პალესტინის რუკა, ხოლო 1538 წელს — მსოფლიოს რუკა. ამ ორმა ნამუშევარმა მერკატორს სახელი მოუხვეჭა როგორც გამოჩენილ კარტოგრაფს, შესაბამისად, მას შეუკვეთეს ფლანდრიის რუკა, რომელიც მან 1540 წელს შეადგინა. მომდევნო წელს, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ V-მ მერკატორს დაავალა ასტრონომიული ხელსაწყოების კრებულის დამზადება. 1541 წელს მან დედამიწის გლობუსი შექმნა, 10 წლის შემდეგ — მთვარის გლობუსი და 1552 წელს ისინი კარლ V-ს აჩუქა.

გერჰარდ მერკატორი

პორტრეტი
დაბადების სახელი გერჰარდ კრემერი
დაბადების თარიღი 5 მარტი 1512
რუპელმონდე
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი 1594
დუისბურგი
ალმა-მატერი ლევენის უნივერსიტეტი
საქმიანობა კარტოგრაფია
ფილოსოფია
მათემატიკა

1552 წელს წავიდა ემიგრაციაში დუისბურგში. არსებული კარტოგრაფიული მასალის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე მერკატორმა წამოაყენა რუკის შედგენის ახალი მათემატიკურად დასაბუთებული პრინციპები, კერძოდ, რამდენიმე კარტოგრაფიული პროექცია, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია მსოფლიო რუკის ცილინდრული ტოლკუთხა პროექცია (1569), ეგრეთ წოდებული მერკატორის პროექცია, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მერკატორის პროექცია გამოირჩევა იმით, რომ რუკებზე კუთხეები და ფორმები დაუმახინჯებელია, ხოლო მანძილი შენარჩუნებულია მხოლოდ ეკვატორზე. ამჟამად, იგი გამოიყენება საზღვაო სანავიგაციო და აეროსანავიგაციო რუკების შედგენისათვის. თუმცა, თანამედროვე ისტორიულ-კარტოგრაფიული კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ ასეთი პროექცია გამოიყენებოდა ჯერ კიდევ 1511 წელს, ფართო გამოყენება მან ჰპოვა მხოლოდ მერკატორის წყალობით.

მერკატორმა გამოთვალა აგრეთვე დედამიწის მაგნიტური პოლუსის კოორდინატები. მერკატორის მთავარი შრომაა ევროპული ქვეყნების რუკების კრებული, რომელსაც უწოდა „ატლასი“ (გამოიცა 1595 წელს, სიკვდილის შემდეგ). მის შესავალ ნაწილში მერკატორი ეხება გეოგრაფიის საგანსა და ამოცანებს.

1544 წელს მერკატორი, რომელიც თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, დააპატიმრეს და ერესში დასდეს ბრალი, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1544 წელს მერკატორმა 15 ფურცელზე გამოაქვეყნა ევროპის რუკა. მასზე პირველად და ზუსტად იყო ნაჩვენები ხმელთაშუა ზღვის მოხაზულობა. 1563 წელს შეადგინა ლოთარინგიის რუკა, ხოლო 1564 წელს — ბრიტანეთის კუნძულების რუკა 8 ფურცელზე. 1569 მერკატორმა გამოაქვეყნა „ქრონოლოგია“ (Chronologia) — ასტრონომიული და კარტოგრაფიული ნამუშევრების მიმოხილვა. 3 წლის შემდეგ 15 ფურცელზე გამოუშვა ევროპის ახალი რუკა, ხოლო 1578 წელს პტოლემეს გეოგრაფიის ახალი გამოცემისთვის გრავირებული რუკები, შემდეგ ატლასზე შეუდგა მუშაობას. ატლასის პირველი ნაწილი გამოიცა 1585 წელს, მეორე 1590 წელს, ხოლო მესამე გამოიცა მერკატორის გარდაცვალების შემდეგ, 1595 წელს. ტერმინი „ატლასი“ პირველად შემოგვთავაზა მერკატორმა რუკების კრებულების აღსანიშნავად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება