გერგეტის წმინდა გიორგის ეკლესია
გერგეტის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გერგეტის დასავლეთით, 1 კილომეტრზე. სავარაუდოდ, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (4,5x2,3 მ). ნაგებია დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით, რომელთა წყობა მშრალია. ინტერიერში ჩანს შელესილობის კვალი. ეკლესიას შესასვლელი თავდაპირველად სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა, შემდეგ იგი ამოქოლეს და ამჟამად შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გადახურულია ქვით, რომელზეც ამოკვეთლია ბოლოებ დატოტვილი ჯვარი. უაფსიდო საკურთხეველი დარბაზისაგან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აღმოსავლეთ კედელს გასდევს ფიქლის თარო, რომლის სიმაღლე 90 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე 20 სანტიმეტრი. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლის კუთხეებში მოწყობილია ნიში. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვროდა ქვის მშრალი წყობით ნაგები მინაშენი, რომელიც ახლა დანგრეულია.
1972 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვანელი გ. ღამბაშიძე), მინაშენთან მიაკვლია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებსა და სამ სამარხს. ფრაგმენტებიცა და სამარხებიც შუა საუკუნეებისაა. სამარხები ქვისაა, კოლექტიური, უინვენტარო, დამხრობილია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ. სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულთა ძვლები არეულია.
ეკლესიის დასავლეთით 0,1 კილომეტრზე გათხრილია ამავე პერიოდის აკლდამა. იგი გეგმით ოთხკუთხაა. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ნაგებია ქვიშაქვის დიდი ქვებით, რომელთა წყობა მშრალია. აკლდამა გადახურულია ფიქლის ფილებით. აკლდამაში ჩასასვლელი სახურავიდანაა. არქეოლოგებმა გათხრებისას აღმოაჩინეს თოთხმეტი თავის ქალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 449-450.