გელური ხელბურთი (ირლ. liathróid láimhe) — ირლანდიური თამაში, სადაც მოთამაშემ ბურთი ხელით ისე უნდა გაარტყას კედელს, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს მასზე დარტყმა. თამაშს თამაშობს ორი (ცალ-ცალკე) ან ოთხი (წყვილებში) მოთამაშე. ირლანდიური ხელბურთი მსგავსია ამერიკული ხელბურთის, ბასკური პელოტის, ჩოგანბურთის და სკვოშის.

გელური ხელბურთი ითამაშება კორტზე, რომლის ზომები თავდაპირველად 18,3 მეტრი 9,15 მეტრზეა (60 ფუტი 30 ფუტზეა), ხოლო კედლის სიმაღლე 9,15 მეტრი (30 ფუტი) იყო.

შემცირებული ზომის კორტი პირველად გამოყენებული იქნა 1969 წელს, რომლის ზომები 12,2 მეტრი 6,1 მეტრზეა (40 ფუტი 20 ფუტზეა), ხოლო კედლის სიმაღლე 6,1 მეტრი (20 ფუტი) იყო. დღეს ამ ზომის კორტი სტანდარტულია ამ თამაშის საერთაშორისო ვერსიაში, თუმცა ტრადიციულ თამაშებში ორივე კორტი გამოიყენება.

მოთამაშის მიზანია დააგროვოს გარკვეული ოდენობის ქულები, სანამ ამას მისი მოწინააღმდეგე გააკეთებს. მან ბურთს მანამ უნდა დაარტყას, სანამ ის ორჯერ დაეცემა იატაკზე კედლიდან ასხლეტვის შემდეგ. გელური ხელბურთის კორტი ძირითადად ოთხკედელიანია, თუმცა არსებობს სამ და ერთკედლიანი კორტებიც.

გელური ხელბურთის მსგავსი თამაშები წარმოიშვა რამდენიმე ადგილას სხვადასხვა დროს. ეგვიპტეში, ოსირისის ტაძრის იეროგლიფებში ქურუმები თამაშობენ თამაშს, რომელიც ძალიან ჰგავს ხელბურთს. მეზოამერიკულ ცივილიზაციას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჰქონდათ ხელბურთის მსგავსი თამაში, რომელსაც დიდი ადგილი ეკავა კოლუმბამდელი ამერიკის კულტურაში.

პირველი აღნუსხული თამაში, სადაც მოთამაშეები ხელით ბურთს კედელს ურტყამენ, დაფიქსირებულია 1427 წელს, შოტლანდიაში. ირლანდიაში ყველაზე ადრეული დოკუმენტი, სადაც მსგავსი თამაშია მოხსენიებული, არის გოლუეის 1527 წლის კანონთა კრებული. ირლანდიის დასავლეთ ნაწილს მჭიდრო სავაჭრო კავშირები ჰქონდა ესპანეთთან, განსაკუთრებით ბასკეთთან, სადაც ასევე თამაშობენ მსგავს თამაშს, პელოტას.

XVIII, XIX და XX საუკუნეებში შოტლანდიელმა და ირლანდიელმა იმიგრანტებმა თამაში მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. დღეს მას თამაშობენ აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ირლანდიაში გელური ხელბურთის ოთხი ტიპი არსებობს: მოკლე კორტიანი (40X20), დიდ კორტიანი (60X30) სოფთბოლი და ჰარდბოლი და ერთკედლიანი ხელბურთი. ერთკედლიანი ხელბურთი გახდა პოპულარული ბოლო წლებში და ის ყველაზე გავრცელებული ვერსიაა საერთაშორისო ხელბურთის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება