განის პოლიტიკური სისტემა

განის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკას, რომელშიც განის პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია, მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ძალაუფლება მთავრობის ხელშია, საკანონმდებლო კი გადანაწილებულია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ორივე მათგანისგან დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება.

განის გერბი
განის პრეზიდენტის სასახლე

რესპუბლიკური დემოკრატიული მთავრობის საფუძველია მეოთხე რესპუბლიკის დამფუძნებელი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, განა უნიტარული, სუვერენული რესპუბლიკაა, უზენაესი ძალაუფლება კი განელ ხალხს ეკუთვნის. სამომავლო გადატრიალებების, დიქტატორული მთავრობებისა და ერთპარტიული სახელმწიფოს თავიდან აცილების მიზნით, განის კონსტიტუცია ძალაუფლების გადანაწილებას აწესებს. თანამედროვე კონსტიტუციში გამოძახილს ჰპოვებს 1957, 1960, 1969 და 1979 წელს გაუქმებული კონსტიტუციებიცდა ძირითადად ბრიტანულ და ამერიკულ საკონსტიტუციო მოდელებს ეფუძნება.

აღმასრულებელი შტო რედაქტირება

 
განის პარლამენტის შენობა

განაში პრეზიდენტი არის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ამავე დროს, იგი ნიშნავს ვიცე-პრეზიდენტსაც. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მინისტრების ნახევარზე მეტი პარლამენტის წევრებისგან უნდა შეირჩეს.

2012 წელს, საყოველთაო არჩევნების შედეგად, განის პრეზიდენტი გახდა ჯონ დრამანი მაჰამა.

საკანონმდებლო შტო რედაქტირება

საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს 275 წევრიანი ერთპალატიანი პარლამენტი. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის თანხმობა, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს ყველა კანონზე, გარდა გადაუდებლად საჩქარო შემთხვევებისა. წევრები აირჩევიან ოთხწლიანი ვადით, ერთადგილიან საარჩევნო ოლქებში, ხმათა მარტივი უმრავლესობით. 1992 წლის შემდეგ, ყოველ ოთხ წელში ერთხელ, 7 დეკემბერს, ერთდროულად იმართება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

სასამართლო შტო რედაქტირება

 
განის უზენაესი სასამართლო

სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურა და ძალაუფლება დამოუკიდებელია ორი დანარჩენი სახელისუფლებო შტოსგან. უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის განის უზენაეს სასამართლოს. კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ქმედების გასაჩივრება. სასამართლოს იერარქია ბრიტანულ მოდელს ეფუძნება. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ყველა სამოქალაქო თუ კრიმინალურ საქმეზე. 2007 წელს, ისტორიაში პირველად, განის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალი გახდა — ჯორჯიანა ვუდი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება