გალილეოს მუზეუმი — მეცნიერების ისტორიის ყოფილი ინსტიტუტი და მუზეუმი (იტალ. Istituto e Museo di Storia della Scienza), მდებარეობს ფლორენციაში, იტალია (მუზეუმი განლაგებულია კასტელანის სასახლეში, მე-11 საუკუნის შენობაში, რომელიც ცნობილი იყო როგორც ალტაფრონტეს ციხესიმაგრე). მუზეუმი ფლობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ინსტრუმენტების კოლექციას, რომელიც ნათელჰყოფს მედიჩებისა და ლოთარინგიის საჰერცოგოს მჭიდრო კავშირს მეცნიერებასთან და მეცნიერებთან. მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტი და მუზეუმი 2010 წლის 10 ივნისს ხელახლა გაიხსნა გალილეოს მუზეუმის სახელწოდებით.

გალილეოს მუზეუმი, ფლორენცია, იტალია

მედიჩების კოლექცია რედაქტირება

მუზეუმის პირველ სართულზე განთავსებულია მედიჩების კოლექცია (XV-XVIII საუკუნეები). პერმანენტული კოლექცია მოიცავს გალილეო გალილეის უნიკალურ არტიფაქტებს, რომელთა შორისაა ორი ტელესკოპი, თერმომეტრები რომლებსაც დელ ჩიმენტოს აკადემიის წევრები იყენებდნენ და ბოლოს, ექსტრაორდინალური ხმელეთის და ცის გლობუსების კოლექცია, რომელიც მოიცავს ანტონიო სანტუჩის მიერ აშენებულ გიგანტურ არმილიარულ სფეროს.

ლოთარინგიის საჰერცოგოს კოლექცია რედაქტირება

მუზეუმის მეორე სართულზე განლაგებულია ლოთარინგიის დინასტიის ინსტრუმენტები და საექსპერიმენტო აპარატები (XVIII-XIX საუკუნეები), რომლებიც ცხადყოფენ ტოსკანას რეგიონისა და ზოგადად, იტალიის წვლილს ელექტროენერგიის, ელექტრომაგნეტიზმისა და ქიმიის პროგრესირებაში. გამოფენა შედგება სამეანო ცვილის მოდელებისგან სანტა მარია ნუოვას საავადმყოფოდან, ჰერცოგ პეტერ ლეოპოლდოს ქიმიური კაბინეტისა და ფლორენციის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის მიერ ვორქშოფების დროს დამზადებული მანქანებისგან, რომელთა მთავარი დანიშნულება ფიზიკის ფუნდამენტალური კანონების ილუსტრირებაა.

ფოტო გალერეა რედაქტირება

ბიბლიოთეკა რედაქტირება

მუზეუმის ბიბლიოთეკა მასპინძლობს 150,000 ნაშრომს მეცნიერების ისტორიის შესახებ. უძველესი წიგნების კოლექცია შედგება დაახლოებით 5,000 ნაშრომისგან. ის მოიცავს მედიჩი-ლოთარინგიის კოლექციებს, აგრეთვე 5 საუკუნის მანძილზე ტოსკანის დინასტიების მიერ შეგროვებულ ფიზიკისა და მათემატიკის სამეცნიერო წიგნებს. ამავდროულად, ბიბლიოთეკაში განთავსებულია XVIII-XX საუკუნეების საარქივო კოლექციები, მუზეუმისა და უძველესი სამეცნიერო ინსტრუმენტების, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით საინტერესო ადგილების სურათების არქივი. თანამედროვე კოლექცია მოიცავს წიგნებს იტალიურსა და სხვა ევროპულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად 1,800 ახალი ნაშრომი/წიგნი ემატება ბიბლიოთეკას.

ციფრული ლაბორატორია რედაქტირება

1991 წელს მუზეუმმა დააარსა საკუთარი ციფრული ლაბორატორია. ლაბორატორია აწარმოებს ოფლაინ და ონლაინ ინტერაქტიულ აპლიკაციებს, რომელთა მთავარი მიზანი მუზეუმისა და მისი პერმანენტული თუ დროებითი კოლექციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. გარდა ამისა, ციფრული ლაბორატორია ქმნის სამეცნიერო-ისტორიული კვლევების ციფრულ არქივებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება