გაბაასება
გაბაასება — დიალოგის ფორმით დაწერილი თხზულება, რომელშიც გადმოცემულია კამათი ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ორ (იშვიათად რამდენიმე) პიროვნებას ან საგანს შორის. გაბაასების ჟანრის თხზულებებში ასახულია ეპოქის ეთიკურ-ესთეტიკური და სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებები. გაბაასება ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში შემუშავდა. ქართულ ლიტერატურაში იგი დაამკვიდრა თეიმურაზ I-მა; არჩილ II-მ, თეიმურაზ II-მ, დავით გურამიშვილმა, პოეტმა ქალმა მანანამ და სხვებმა კი — განავითარეს. გაბაასება ზოგჯერ ეპიკურ ნაწარმოებშიც არის ხოლმე ჩართული. მაგ., სერაპიონ საბაშვილის მიერ გალექსილ „როსტომიანში“ ჩართულია სამსტროფიანი გაბაასება, რომელშიც ერთმანეთს ეკამათებიან სერაპიონი, რუსთაველი და ბაგრატ მუხრანბატონი.
გაბაასება პოპულარული იყო შუა საუკუნეების აღმოსავლურსა და დასავლურ ლიტერატურაში (არაბ.-სპარს. მუნაზარე, პროვანსული ტენცონა, ფრანგ. დებატი, ძვ. რუს. პრენია). გაბაასების ნიმუშები იხილეთ ბ. ქიქოძის წიგნში „გაბაასების ჟანრის ისტორიისათვის“ (ბათ., 1955).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარამიძე ა., თეიმურაზ პირველის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ, «ლიტერატურული ძიებანი», 1959, ტ. 12;
- ქიქოძე ბ., გაბაასება ძველ ქართულ ლიტერატურაში, ბათ., 1952;
- მიქაძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 602, თბ., 1977