დიტრიხ ბუქსტეჰუდე
დიტრიხ ბუქსტეჰუდე (დ. 1637/1639, ჰელსინგბორგი ან ოლდესლოე — გ. 9 მაისი, 1707, ლიუბეკი) — მაღალი ბაროკოს ეპოქის დანიელ-გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი. მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია კომპოზიტორ იოჰან სებასტიან ბახსა და გუსტავ მალერზე
ცხოვრება
რედაქტირებადიტერიხ ბუქსტეჰუდე (დანიურად-დიდერიკ ბუქსტეჰუდე Diderik Buxtehude) 1637 წელს დაიბადა. დაბადების ადგილად უფრო ხშირად მიჩნეულია ჰელსინგბორგი, რომელიც იმ დროს დანიას ეკუთვნოდა. არსებობს ნაკლებადდასაბუთებული და, შესაბამისად, ნაკლებადსარწმუნო მოსაზრებაც მისი ოლდესლოეში დაბადების შესახებაც. მუსიკოსის მამა, პროფესიით ორღანისტი იოჰან ბუქსტეჰუდე წარმოშობით სწორედ ოლდესლოედან (დღევანდელი შლეზვიგ-ჰოლშტაინი, გერმანია) იყო. 1641 წელს იოჰან ბუქსტეჰუდე ქალაქ ჰელსინგერის ტაძარში მსახურობდა. ამ ქალაქში გაატარა ბავშვობა დიტერიხმაც და აქვე დაასრულა ლათინური სკოლა.
დიტერიხ ბუქსტეჰუდე 1657-1658 წლებში ჰელსინგბორგში, ხოლო, 1660-1668 წლებში ქალაქ ჰელსინგერის გერმანული საკრებულოს ტაძარში მოღვაწეობდა ორგანისტად. 1668 წლიდან ბუქსტეჰუდემ ლიუბეკში გადაინაცვლა, სადაც წმ. მარიას ტაძრის მმართველის თანამდებობაზე ჩაანაცვლა თავისი სიმამრი-ფრანც ტუნდერი. ლიუბეკში ბუქსტეჰუდემ ახალი სული შთაბერა მისი სიმამრის მიერ დაარსებულ საშობაო კონცერტების სერიას, სადაც საშობაო-სასულიერო თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები სრულდებოდა. 1673 წლიდან ეს კონცერტები, ე.წ. საღამოს მუსიკა (გერმ. Abendsmusiken) უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ამან ბუქსტეჰუდეს შორს გაუთქვა სახელი, როგორც კომპოზიტორსა და ვირტუოზ ორგანისტს.
ი.ს. ბახი დიდად აფასებდა ბუქსტეჰუდეს შემოქმედებას. 1705 წელს მან 400 კილომეტრზე მეტი გაიარა არნშტადტიდან ფეხით, იმისათვის, რომ ბუქსტეჰუდე ენახა და მისთვის მოესმინა. ლიუბეკში ბახმა კარგა ხანს დაჰყო. სავარაუდოდ, იგი გაკვეთილებსაც იღებდა ბუქსტეჰუდესაგან.
ბუქსტეჰუდე 1707 წელს გარდაიცვალა, ლიუბეკში. დაასაფლავეს იმავე ტაძარში, სადაც მსახურობდა, ორგანთან ახლოს. 1942 წელს ბრიტანული ავიაციის მიერ დაბომბვამ დააზიანა ტაძარი და საფლავის ქვა. ქვა აღადგინეს 1957 წელს, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 250-ე წლისთავზე.
ბუქსტეჰუდე აღიარებულია ჩრდილოგერმანული საორგანო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლად. მისი გარდაცვალების შემდეგ ლიუბეკის წმ. მარიას ტაძრის ორგანისტობა გადაიბარა მისმა სიძემ და მოწაფემ იოჰან ქრისტიან შიფერდეკერმა. სხვა მოსწავლეებიდან ცნობილია ასევე ნიკოლაუს ბრუნსი.
კომპოზიტორის მუსიკალური შემოქმედების დიდი ადგილი საღვთისმსახურო მუსიკას ეკუთვნის. ბუქსტეჰუდე თავის შემოქმედებაში ცდილობს, ტექსტის შინაარსი საკუთარ თავში ცოცხლად განიცადოს. შესაძლებელია, რომ იგი ცდილობდა პიეტიზმის მუსიკალურად გამოხატვას.
მუსიკალური შემოქმედება
რედაქტირებავოკალური ნაწარმოებები
რედაქტირება- 100 კანტატაზე მეტი და სასულიერო კონცერტი
- მესსა „ბრევის“
- ორატორიები
საორგანო ნაწარმოებები
რედაქტირება- 40 ტოკატა, პრელუდია და ფუგა
- 50 ქორალი
ჩემბალოსთვის
რედაქტირება- 20 სუიტა
- 6 ვარიაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 592.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიტრიხ ბუქსტეჰუდე — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)