ბურდიანის მთავარანგელოზის ეკლესია

ბურდიანის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბურდიანის ზემოთ (ჩრდილო დასავლეთით), სამიოდე კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება, სავარაუდოდ გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ბურდიანის მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ბურდიანი

ძეგლი მცირე ზომის, დარბაზული ეკლესიაა (5X3,65 მეტრზე), ნახევარწრიული აფსიდით და ერთადერთი შესასვლელით დასავლეთიდან, რომელიც გარედან თაღითაა დასრულებული, შიგნით კი თარაზული გადახურვა აქვს.

ეკლესიის კედლების დიდი ნაწილი ნაგებია წვრილი რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობაში, ალაგ-ალაგ, ჩართულია მოზრდილი ზომის, ქვიშაქვის სრულიად დაუმუშავებელი ქვები. გარეთა კუთხეები კი მეტნაკლებად დამუშავებული ქვიშაქვის ლოდებითაა გამოყვანილი.

მოგვიანებით ეკლესია მნიშვნელოვნად შეუკეთებიათ, რომლის დროსაც გარეთა კედლების საპირე წყობის დიდი ნაწილი აღუდგენიათ. XX საუკუნის II ნახევარში ადგილობრივი მოსახლების მიერ ჩატარებული რემონტის დროს, შიგნით, კედლების დიდი ნაწილი ცემენტის და ქვიშის ხსნარით შეულესავთ და შენობა ღარისებრი კრამიტით დაუბურავთ, რომელიც ხის მსხვილ ტოტებზეა დაწყობილი.

ეკლესიის ინტერიერი განათებულია აფსიდში გაჭრილი ერთადერთი სარკმლით. იგი გარეთკენ შევიწროვებულია. აქვს თარაზული გადახურვა და შიგნითკენ მკვეთრად დახრილი ძირი. სარკმლის გარეთა ღიობი გამოკვეთილია შირიმის ერთ ქვაში, რომლთაც წყობაში თავდაყირა ჩასმული ( დიდი ალბათობით - შეკვეთების დროს), რის გამოც სარკმელს ძირი მომრგვალებული აქვს, ზემოდან კი თხელი, რიყის ქვა ხურავს. აფსიდის სამხრეთ გვერდში მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. ერთი მსგავსი, მაგრამ ოდნავ მომცრო ნიშა, რომელიც აშკარად გვიანდელია, დარბაზის ჩრდილოეთ კედლეშიცაა. აფსიდი გადახურულია ოდნავ დადაბლებული პროპორციების კონქით, რომლის თაღის მოხაზულობა სრულ ნახევარ წრეზე ოდნავ ნაკლებია. მსგავსი ფორმა ჰქონდა კამარასაც (მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია). ინტერიერი შელესილი და შეთეთრებული ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება