ბუდუხები
ბუდუხები — კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას მცხოვრები ხალხი. მთიელები ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
ბუდუხები აზერბაიჯანის შაჰდაღის მთებში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხია. ადმინისტრაციულად ბუდუხების სოფელი ბუდუხი ყუბის რაიონს ეკუთვნის. ბუდუხები აზერბაიჯანის ბარის რამდენიმე სოფელშიც ცხოვრობენ, სადაც მთიდან გვიან არიან გადასახლებული. ბუდუხები საბჭოთა პერიოდში ცალკე ეთნოსად არ აღირიცხებოდნენ; მათ აზერბაიჯანელებად წერდნენ.
დღეს ბუდუხების რაოდენობა დაახლოებით 3 ათასი კაცია. 1886 წლის საოჯახო სიების თანახმად, სოფელ ბუდუხში 369 კომლი იყო აღრიცხული. მათი რაოდენობა კი დღეს 2625 კაცს შეადგენს. 1910 წლის კავკაზსკი კალენდრის მიხედვით, სოფელ ბუდუხში 2165 კაცი მკვიდრობდა, თუმცა ისინი ლეზგიებისადმი იყვნენ მიკუთვნებულნი. ბუდუხური ენა კავკასიურ ენათა ლეზგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის უმწერლობო ენაა. აღნშნულ ბუდუხურ ენას დიალექტები არა აქვს, გენეტიკურად ახლოსაა კრიწულ ენასთან. 1950-იან წლებში ბუდუხში თუ 500 კომლი იყო, დღეს მათი რაოდენობა მხოლოდ 50-ის ფარგლებშია. ამას გზების ცუდი მდგომარეობით ხსნიან. სოფელში აღარც ერთი მაღაზია აღარაა და სოფლები თითქმის მოწყვეტილია გარესამყაროს. მოსახლეობას პროდუქტების საყიდლად 50-კილომეტრიან უგზოობის გადალახვა უხდებათ. ინტერნეტ-საიტებზე არსებულ წერილებში სინანულია გამოთქმული იმის შესახებ, რომ ბუდუხების ძველი ტრადიციები და ენა დღეს აღარავის აინტერესებს.
ბუდუხების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მეცხოველეობა იყო. სოფელ ბუდუხის ირგვლივ მდიდარი საძოვრები და სათიბები არსებობდა. ბუდუხები უპირატესობას მეცხვარეობას ანიჭებდნენ. 1929 წელს სოფელ ბუდუხში დაახლოებით 11 220 სული ცხვარი ჰყავდათ. ისინი ცხვარს ამთაბარებდნენ. ბუდუხებში მიწათმოქმედებას დამხმარე ხასიათი ჰქონდა და მეორეხარისხოვან დარგად ითვლებოდა. ბუდუხები ქსოვდნენ ფარდაგებს, ხალიჩებს, წინდებს, გრძელყელიან წინდებს.
ბუდუხის რაიონი ექვსი უბნისაგან შედგებოდა. ბუდუხი ერთ სასოფლო თემს წარმოადგენდა. ბუდუხში ქორწინება მშობლების ნებასურვილის თანახმად ხდებოდა. იცოდნენ ქალის ოჯახისთვის გამოსასყიდის გადახდა. ქორწინება ენდოგამიური ხასიათის იყო. უპირატესობას ანიჭებდნენ კუზენურ ქორწინებებს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქალებისათვის საქორწინო ასაკი დაახლოებით 14-15 წლით იყო განსაზღვრული, კაცებისათვის კი პირიქით 18-20 წელი. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ დანიშნული ახალგაზრდები ხშირად 3-5 წლის შემდეგ ქორწინდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში კაცის მხარე, ოჯახის წევრები ყველა დღესასწაულზე ქალის ოჯახს საჩუქრებს უგზავნიდა. თუმცა დანიშნული გოგონა საქმროს ნათესავებისაგან თავს საგულდაგულოდ მალავდა. ცნობისთვის უფროსი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, უცოლო უმცროსი ძმა ვალდებული იყო ქვრივზე დაქორწინებულიყო. იგივე წესი ვრცელდებოდა დაქვრივებულ მამაკაცზეც, ის ცოლის გაუთხოვარ უმცროს დაზე ქორწინდებოდა. ბუდუხები მუსლიმი სუნიტები არიან. შემორჩენილი იყო წარმართული რწმენაწარმოდგენებიც, თაყვანს სცემდნენ ხეებს, ბუჩქებსა და ტყეებს. ჰქონდათ თავიანთი პანთეონი, სადაც არაერთი ღვთაება შედიოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012