ვიქტორ ბროსე

(გადამისამართდა გვერდიდან ბროსე, ვიქტორ)

ვიქტორ ლავრენტის ძე ბროსე (დ. 26 მაისი, 1893, პეტერბურგი — გ. 1937, თბილისი) — ქართველი მკვლევარი-ბიბლიოგრაფი, ქართული საბიბლიოთეკო საქმის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. წარმოშობით ფრანგი, გამოჩენილი ფრანგი ქართველოლოგის, აკადემიკოს მარი ბროსეს შვილიშვილი. ცნობილი საბავშვო მწერლის მარიკა ხოშტარიას („მარეხი“) მეუღლე, აკადემიკოს ედიშერ ხოშტარია-ბროსეს მამა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვ. ბროსემ დაამთავრა პეტერბურგის კლასიკური გიმნაზია (1911) და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1916). უნივერსიტეტში მისი მასწავლებელი იყო გამოჩენილი ქართველოლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი. 1916 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. 1916-1923 ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის და თბილისის გიმნაზიებში. ზედმიწევნით ფლობდა ქართულ ენას. 1923-1933 იყო საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის (ამჟამად საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა) იშვიათი წიგნების განყოფილების (რარიტეტსაცავის) გამგე. 1933-1937 საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე. პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი). 1925-1937 ლექციებს კითხულობდა საქართველოს განათლების სახ. კომისარიატის (სამინისტროს) მუდმივმოქმედ საბიბლიოთეკო კურსებზე.

ბროსე იყო საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის (1924) და პირველი ქართული საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული ჟურნალის „წიგნის მეგობარი“ (1925) ერთ-ერთი დამაარსებელი. მას ეკუთვნის რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი ნაშრომი ბიბლიოგრაფიის, ბიბლიოთეკათმცოდნეობის და არქივთმცოდნეობის საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია იმჟამინდელ პერიოდულ გამოცემებში. იგი იყო წიგნის „ბიბლიოთეკონომიის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული წარმოების ტერმინოლოგია“ (1932) თანაავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას. ქართულად თარგმნიდა ფრანგი და რუსი ავტორების მხატვრულ ნაწარმოებებს. ფრანგულად თარგმნა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“ (ინახებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის ივ. ჯავახიშვილის კაბინეტში).

ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში. 1917 წლიდან ბროსე იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის, ხოლო 1921-1924 წლებში მემარჯვენე ფედერალისტთა ორგანიზაციის წევრი. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იგი დახვრეტილ იქნა 1937 წელს თბილისში, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის („შინსახკომი“) ე.წ. „დიდი სამეული“-ს დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თამარ ღვალაძე. ვიქტორ ბროსე (მოგონება).- გაზ. „კალმასობა“, N 5 (18), 1998.