ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი

საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოს ზედა, მესამე ტერასაზე, ბროლისკალოზე.

ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოს ზედა, მესამე ტერასაზე, ბროლისკალოზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შედგება დარბაზისა და საჯარისაგან. ნაშენია ნატეხი ქვით. დარბაზი გეგმით სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. კარი ოთხკუთხაა - ნაოთხალებიანი. კარის წინ პატარა კარიბჭეა, რომელიც ორი მხრიდან კედლითაა შემოზღუდული, ხოლო ცალ მხარეს ერთიანი კილისებრი თაღითაა გახსნილი. ანალოგიური ფორმა აქვს დარბაზის კამარასაც. კამარა გრძივ კედლებს კი არ ეყრდნობა, არამედ იატაკიდან იწყება. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლებში ნიშებია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელს, იატაკიდან 0,5 მეტრ სიმაღლეზე. 25 სანტიმეტრი სიგანის ფიქლის თარო გასდევს. დარბაზი დასრულებულია საფეხურებიანი სახურავით (სიპედი), რომელსაც ერთ მხარეს შვიდი საფეხური აქვს, მეორე მხარეს - ხუთი. დარბაზს სამხრეთ-დასავლეთიდან აკრავს საჯარე (მეთემეთა შესაკრებელი), რომლის კედლების წყობის მხოლოდ ქვედა რიგია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება