ბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)

ხანძარი ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დაბა წაღვერთან დაიწყო.[1] პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი მთაზე ტყის მასივს ეკიდა. საღამოსკენ, ქარის და კლიმატური პირობების გამო, ხანძარი გაძლიერდა. აღსანიშნავია, რომ ცეცხლი იმ ტერიტორიას მოეკიდა, რომელიც 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს, რუსი ოკუპანტების მიერ დამწვარ ტერიტორიას წაეკიდა.[2] ხანძრის გავრცელებასთან ერთად, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა, მათ შორის ვერტმფრენისაც.

ბორჯომის ხეობა

21 აგვისტოს ცეცხლმა უკვე სოფელ დაბამდე მიაღწია, თუმცა მალევე მოხდა მისი ლოკალიზება, მათ შორის სპეციალური თხრილების მეშვეობით და ვერტმფრენების დახმარებით.[3][4] აღსანიშნავია, რომ ამავე დღის დაახლოებით 6 საათიდან, ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენიც ჩაირთო, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით ჩამოფრინდა.

21 აგვისტოს ღამის 9 საათიდან ვითარება უფრო გაუარესდა, როდესაც ქარი ამოვარდა, რამაც ცეცხლის კერების აალება გამოიწვია. ვითარებას ისიც ართულებდა, რომ ღამის სიბნელისა და კვამლის გამო, ვერც ქართული და ვერც აზერბაიჯანული ვერტმფრენი ვერ დაფრინავდა. 22 აგვისტოს ღამეს ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩავიდა და სხვა მინისტრებთან ერთად საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარა.[5] სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ასევე მიმართეს მეზობელ ქვეყნებსა და ევროკავშირს დახმარების გაწევის მიზნით. იმავე ღამეს გაირკვა, რომ დილიდან ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ორი თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება.[6]

ამ დროისათვის, ხანძრის ჩაქრობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და 5 ვერტმფრენი მონაწილეობს.[7] პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღის ბოლომდე ხანძრის ჩაქრობაში ასევე ჩაერთვებიან მეხანძრეების ეკიპაჟი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან,[8] აგრეთვე თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოში ჩამოვა სპეციალური თვითმფრინავი, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთვება.

ბოლო მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ტყის საფარის 100 ჰექტარია დამწვარი.[9]

27 აგვისტოს საღამოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია დაადასტურა.[10]

ტექნიკის დანაკარგები

რედაქტირება

27 აგვისტოს დილით, წყლის ავზის ავსებისას ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის Ми-8 МТВ ტიპის ვეულმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა წყლის ზედაპირზე. ეკიპაჟის წევრები მსუბუქი დაზიანებებით გადარჩნენ.[11]

  1. წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის
  2. რატომ იყო 2008 წელს დამწვარი ხეები დარჩენილი სოფელ დაბას ტყეში - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის განმარტება
  3. სოფელ დაბასთან, ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თხრილების გავლება დაიწყეს
  4. სოფელ დაბასთან ხანძარი ლოკალიზებულია
  5. პრემიერი ბორჯომის ხეობაში რჩება - გიორგი კვრიკაშვილი საგანგებო შტაბის მუშაობას ხელმძღვანელობს
  6. ზურაბ ალავიძე - თურქეთიდან ორი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში შუადღისთვის იქნება
  7. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელიც მონაწილეობს
  8. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან
  9. ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი
  10. „ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია“. ნეტგაზეთი. 27.08.2017
  11. შსს-ს ვიდეომასალა - ბორჯომის ხეობაში „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა. პირველი არხი. 27.08.2017.