ბოლშევიზმის აგრარული პროგრამა

ბოლშევიზმის აგრარული პროგრამაკომუნისტური პარტიის საერთო პროგრამის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავდა პარტიის მიზნებსა და ამოცანებს აგრარულ საკითხებში.

ვლადიმერ ლენინი

ვ. ი. ლენინი წერდა:

ვიკიციტატა
„აგრარულ პროგრამად ჩვენ ვგულისხმობთ, აგრარულ საკითხში, ე. ი. სოფლის მეურნეობის მიმართ, სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა კლასის, ფენისა და ჯგუფის მიმართ სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის სახელმძღვანელო საწყისების განსაზღვრას. ისეთ „გლეხურ“ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სოციალისტების აგრარული პროგრამა ბუნებრივად წარმოადგენს, თუ მხოლოდ და მხოლოდ არა, უმთავრესად „გლეხურ პროგრამას“, პროგრამას, რომელიც განსაზღვრავს გლეხთა საკითხთან დამოკიდებულებას.“

ბოლშევიზმის აგრარული პროგრამა გამომდინარეობდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ინტერესებიდან, იცვლებოდა და ვითარდებოდა ისტორიული ეტაპის შესაბამისად,. ბოლშევიკების აგრარულ რეფორმას საფუძველი ჩაუყარა ვ. ი. ლენინმა ნაშრომში „რანი არიან „ხალხის მეგობრები“ და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ“. რუს მარქსისტთაგან ლენინმა პირველმა წამოაყენა დებულება ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაში პროლეტარიატის ჰეგემონიის შესახებ, მასვე ეკუთვნის იდეა მუშათა კლასისა და გლეხობის რევოლუციური კავშირისა, როგორც რუსეთში რევოლუციის გამარჯვების მთავარი პირობისა. პარტიის პროგრამა, რომელიც რსდმპ II ყრილობამ (1903) მიიღო, სოფლად ბატონყმობის ნაშთების აღმოფხვრისა და კლასობრივი ბრძოლის თავისუფალი განვითარების მიზნით გლეხებისთვის „ჩამონაჭრების“ დაბრუნებას მოითხოვდა. ვ. ი. ლენინის წინადადებით პროგრამაში, კერძოდ, შეტანილ იქნა მოთხოვნა, რომ გლეხებისათვის საკუთრებად გადაეცათ ის მიწა, რომლითაც ისინი სარგებლობენ როგორც დროებით ვალდებულნი, ხიზნები და სხვა. რსდმპ III ყრილობას (1905) საგანგებოდ არ განუხილავს აგრარული პროგრამა, მაგრამ მიიღო რეზოლუცია „გლეხთა მოძრაობისადმი დამოკიდებულების შესახებ“, რითაც მხარს უჭერდა გლეხობის ყველა რევოლუციურ ღონისძიებას და მოუწოდებდა მათ შეექმნათ გლეხთა რევოლუციური კომიტეტები. რსდმპ I კონფერენციამ (ტამერფორსი, 1905) მიიღო ლენინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა პარტიის პროგრამაში მუხლები „ჩამონაჭრების“ დაბრუნებისა და გამოსასყიდ გადასახდელთა შესახებ შეცვლილიყო მთელი სახელმწიფო, საეკლესიო, სამონასტრო, საუფლისწულო, საკაბინეტო და კერძომფლობელური მიწების კონფისკაციის მოთხოვნით. რსდმპ IV (გამაერთიანებელი) ყრილობისათვის (1906) ლენინმა შეიმუშავა აგრარული პროგრამის ახალი პროექტი, რომელიც რევოლუციურ აჯანყებათა ეპოქაში საკმარისად არ მიიჩნევდა მიწის კონფისკაციას და მოითხოვდა მთელი მიწის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას, ე. ი. მიწის ნაციონალიზაციას. მაგრამ ყრილობაზე უმრავლესობა მენშევიკები იყვნენ და მათ მოახერხეს გაეტანათ მიწის მუნიციპალიზაციის თავიანთი პროგრამა. ლენინმა შემდგომ ნაშრომებში ღრმად გააანალიზა მიწის მუნიციპალიზაციის პროგრამა და დაასაბუთა მისი თეორიული და ეკონომიკური უსაფუძვლობა, გვიჩვენა ისიც, თუ რა პოლიტიკური ზიანი შეეძლო მოატანა მას. 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ სოციალური რევოლუციის მომზადებისა და განხორციელების პერიოდში ბოლშევიკების აგრარული პროგრამის პირველი მონახაზები ლენინმა აპრილის თეზისებში მოგვცა. რსდმპ(ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციის (1917) რეზოლუცია ითვალისწინებდა მემამულეთა, სახაზინო და სხვა მიწების კონფისკაციას, მთელი მიწის ნაციონალიზაციას და მის გადაცემას მოჯამაგირეთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების განკარგულებაში. ამ ეტაპზე მიწის ნაციონალიზაციის მოთხოვნა ნიშნავდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის ბოლომდე მიყვანას და სოციალური რევოლუციისათვის გზის გაკაფვას. ოქტომბრის სოციალური რევოლუციის მეორე დღესვე სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობის 1917 წლის 26 ოქტომბრის დეკრეტით მიწის შესახებ გამოცხადდა მიწის ნაციონალიზაცია. გლეხობამ უსასყიდლოდ მიიღო 150 მილიონ დესეტინაზე მეტი მემამულეთა, საეკლესიო და სხვა მიწა. სოციალური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ბოლშევიკების აგრარულ პროგრამას საფუძვლად დაედო სოფლის მეურნეობის სოციალისტურად გარდაქმნის ამოცანა. რკპ(ბ) VIII ყრილობის (1919) მიერ მიღებული პარტიის პროგრამა მიზნად ისახავდა მსხვილი სოციალური მიწათმოქმედების შექმნას, საბჭოთა მეურნეობების ჩამოყალიბებას, სასოფლო-სამეურნეო კომუნებისა და მიწათმოქმედთა ნებაყოფლობითი კავშირებისათვის მხარდაჭერას და ა. შ. ლენინის კოოპერაციული გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად გაიმარჯვა საკოლმეურნეო წყობილებამ. საბჭოთა მეურნეობა და კოლმეურნეობა სოციალური სოფლის მეურნეობის ძირითად ფორმად იქცა. სკკპ XXII ყრილობაზე (1961) მიღებულმა პარტიის პროგრამამ განსაზღვრა კომუნიზმის მშენებლობის პერიოდში საბჭოთა სოფლის მეურნეობისა და სოფლად საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების გზები. აგრარული პროგრამის ლენინურ პრინციპებს მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეს პრინციპები ცალკეული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური თავისებურებათა გათვალისწინებით საფუძვლად დაედო კომუნისტური და მუშათა პარტიების აგრარულ პროგრამებს.

ლიტერატურა

რედაქტირება