„ბოლო ზარი“ლაშა ბუღაძის 2004 წლის სადებიუტო სატირული რომანი. ნაწარმოები დღევანდელ ახალგაზრდებზე და მათ პრობლემების შესახებაა. რომანი ირონიით, სარკაზმით და სევდით გვიყვება ქართველი, ვაკის ერთ–ერთი პრესტიჟული სკოლის 11–ე კლასელების აბსურდულ და თანაც რეალურ ისტორიებს.

„ბოლო ზარი“

ავტორი ლაშა ბუღაძე
გარეკანის მხატვარი ირაკლი ვარვარიძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ახალგაზრდობა
ჟანრი სატირა, რომანი, აბსურდი
გამომცემელი სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2004
მედია თხელი ყდა
გვერდი 160
ISBN 9994030353

რომანის შესახებ

რედაქტირება

ლაშა ბუღაძის ” ბოლო ზარი” არის წიგნი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველ მკითხველში. ხშირად იყო მოსაზრება, რომ ეს “გარყვნილი” ნაწარმოები ბავშვებმა არ უნდა წაიკითხონ, როცა ქართველებს დაწერილი გვაქვს ისეთი შედევრები,როგორიცაა “ვეფხისტყაოსანი” და ა.შ.[1]

გამომცემლობა წიგნის შესახებ: "თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ნინჩოს, ოცდაერთი წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს, ამავე დროს ნინჩოს მოხიბვლას მისი კლასელი დემურიც ცდილობს. რითი ერთობიან თბილისელი თინეიჯერები, რატომ უნდა სკოლის აფეთქება ნუციკოს, ვის შეუყვარდება დემური და რით დასრულდება ეს ყველაფერი, შეიტყობთ ლაშა ბუღაძის პირველი რომანიდან "ბოლო ზარი".[2]

დემური 16 წლის საბურთალოელია. მაგრამ ვაკეში დადის სკოლაში და ცდილობს აქაურ იმიჯს მოერგოს. მოსწონს თავისივე კლასელი ნინჩო. რომელსაც თავად 21 წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს. დემური გაუცხოებულია და მხოლოდ ანდრიკოსთან და ხურციძესთან მეგობრობს. მათი თქმით ნინჩოს მხოლოდ მოძველბიჭო ბიჭები უყვარს, რომლებიც ფურთხის გუბეებს აყენებენ და დღე და ღამე ქუჩაში დგანან. დემური გადაწყვეტს ასეთი ბიჭი ითამაშოს. თუმცა დიდი წარმატებით არ გამოსდის. მალე აღმოჩნდება, რომ ნინჩოს დაქალს, პუტკუნა ნუციკოს დემური მოეწონა და ისიც ცდილობს მუდამ მასთან ერთად გაატაროს დრო. ნინჩო და ნადრიკუჩა კი ერთად არიან, სანამ ბიჭს არ დაიჭერენ. ნინჩო თავის სიყვარულს არ ღალატობს და ყოველ კვირა შეყვარებულს ციხეში აკითხავს.

დემური კი დადის ფორტეპიანოზე რუსიკო მასწავლებელთან, დედის დაძალებით. მალე ნადრიკუჩას გამზრდელი დეიდა დაეღუპება, გაბრაზებული კი ნინჩოს დაურეკავს და აგინებს. გოგო ამას სიყვარულის გამოხატვად აღიქვამს. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდება. მალე ნადრიკუჩა ციხიდან გამოიქცევა და ძმაკაცთან დაიმალება. ამ დროს კი კლასელები როკ–ვარსკვლავის ჯამბულას კონცერტზე არიან. ნუციკო ყველანაირად ცდილობს დემურის დაუახლოვდეს. დემური კი ამას ნინჩოსთან ცდილობს, უშედეგოდ. ნინჩო ჯამბულას გაიცნობს და მის მეგობართან ერთად დაჩაზე წავლენ.

ამ ამბავს სროლა მოჰყვება. მშობლები ნინჩოს ამერიკაში გაგზავნით ემუქრებიან. გაბრაზებული ნადრიკუჩა ნინჩოსთან სახლში მისვლას გადაწყვეტს, რაც სავალალოდ დასრულდება. მას მის მიერ მოკლული მოხევეს ნათესავები ჩაცხრილავენ. დემურის კი უცნაური ამბავი დაემართება. მის ფიორტეპიანოს მასწავლებელს, რუსიკოს შეუყვარდება და მისი საყვარელი გახდება. დრო და დრო ნინჩოც ავიწყდება. კლასის დამრიგებელს ქეთო მასწს კი დარაჯი მერაბა ინგლისელ ჯენიფერზე გაცვლის. მოვა ბოლო ზარის დრო. კლასელები ერთმანეთს დაემშვიდობებიან. 10 წლის შემდეგ ისინი კვლავ იკრიბებიან თუმცა აღმოჩნდება, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა..

გამოხმაურება და კრიტიკა

რედაქტირება

ანა კორძაია-სამადაშვილი: „მივხვდი, რომ ეს ბიჭი არასოდეს არაფერს იგონებს. მოგონება არ სჭირდება. უბრალოდ, უნდა დააკვირდეს, რა ხდება გარშემო. ერთადერთი, ვერაფრით ვხვდები, სად აწყდება ხოლმე ადამიანებს, რომლებიც მისი გმირებივით იქცევიან. აქ არც ერთი გმირი, არც ერთი ამბავი და ეპიზოდი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ვერავინ იტყვის, ლაშას ფანტაზიის რა გაქანება ჰქონიაო. გროტესკსაც კი ვერ ვუწოდებ - რა შუაშია? უბრალოდ, ასეა“.

„გარკვეულწილად, მადლობელი უნდა ვიყოთ ლაშა ბუღაძის, რომ მან ეს რეალობა დაგვანახა სიცილით და მერე უკვე ჩემი ნებაა, ჩავუფიქრდები თუ არა. ისე მოხდა, რომ გარკვეული ხანი მომიწია ავსტრიელ მწერალ ქალებთან შეხებამ. რასაც ისინი წერენ, სრული კატასტროფაა. თუ სიმძიმეზ ვლაპარაკობთ, აი, სიმძიმე ეს არის. თან ვერასოდეს შეეწინაღმდეგები - ისინი არ იტყუებიან. მაგრამ არ იტყუებიან იმგვარად, რომ თამამად შეგიძლია გეზი აიღო მტკვრისაკენ და გადახტე იმიტომ, რომ კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება. დამთავრებული ამბავია. ლაშა ბუღაძე რასაც წერს, არც ერთ შემთხვევაში არ არის სახალისო თავისთავად, მაგრამ ის გიტოვებს არჩევანს: გინდა იცინე, გინდა მტკვარში გადახტი - შენი ნებაა“.[3]

„”ოქროს ხანა” ცოტა უფრო სევდიანია, ვიდრე ”ბოლო ზარი”. ის თავიდან ბოლომდე სასაცილოა. წარმოიდგინეთ, მოდის გოგო და იმის გამო, რომ ქუჩაში დაფურთხებულებს ხედავს, სატრფო ახსენდება და გული უჩუყდება. აქ ცოტა სხვა კუთხით მიდის თხრობა, თუმცა, კვლავ და კვლავ ვფიქრობ, ბუღაძემ მთავარ იარაღად დაიტოვა ის, რომ ძალიან სასაცილოა.“

ძირითადი პერსონაჟები

რედაქტირება
  • დემური - 16 წლის საბურთალოელი ბიჭი, რომელსაც ნინჩო მოსწონს.
  • ნინჩო - დემურის კლასელი, ნადრიკუჩას შეყვარებული.
  • ნადრიკუჩა - 21 წლის კრიმინალი, მოკლული ჰყავს 2 კაცი.
  • ნუციკო - ნინჩოს მეგობარი.
  • ანდრიკო - დემურის მეგობარი.
  • ხურციძე - დემურის მეგობარი.
  • რუსიკო - დემურის ფორტეპიანოს მასწავლებელი.
  • ქეთი მასწ - კლასის დამრიგებელი.
  • მერაბი - სკოლის დარაჯი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება