ბიშარა ელ-ხური
ბიშარა ელ-ხური (არაბ. بشارة الخوري; დ. 10 აგვისტო, 1890 — გ. 11 იანვარი, 1964) — ლიბანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ლიბანის პირველი პრეზიდენტი 1943-1952 წლებში.
ბიშარა ელ-ხური | |
ლიბანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი, 1943 – 18 სექტემბერი, 1952 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ფუად შეჰაბი |
დაბადებული | 10 აგვისტო, 1890 რეშმაია, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 11 იანვარი, 1964 ბეირუთი, ლიბანი |
რელიგია | მარონიტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა რეშმაიაში 1890 წელს მთიან ლიბანში, მარონიტი ქრისტიანის ოჯახში[1]. განათლებით და პროფესიით იურისტია. როგორც ადვოკატი ცნობილი გახდა 1935 წლის სასამართლო პროცესიდან, როდესაც მან მოახერხა ლიბანის მომავალი პრემიერ-მინისტრის აბდულ ჰამიდ ქარამეს უდანაშაულობის დამტკიცება, რომელსაც ბრალად სდებდნენ მვლელობაში მონაწილეობას[2].
1920-იანი წლების შემდეგ დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით. 1927 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აირჩიეს ლიბანის პარლამენტის წევრად. საფრანგეთის მანდატის დროს ორჯერ ეკავა ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, 1927 წლის 5 მაისიდან 1928 წლის 10 აგვისტომდე და 1929 წლის 9 მაისიდან 11 ოქტომბრამდე. იყო ლიბანის დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე და პარტია ად-დუსტურის პარტიის დამაარსებელი.
1943 წლის 23 სექტემბერს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. 8 ნოემბერს ლიბანის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციიდან ამოიღო მუხლი შეზღუდული სუვერენიტეტის შესახებ, ამის საპასუხოდ საფრანგეთის ხელისუფლებამ 11 ნოემბერს ბიშარა ელ-ხური ლიბანის დამოუკიდებლობის სხვა მომხრეებთან ერთად დააპატიმრეს (პრემიერ-მინისტრი რიად ალ-სოლხი, პიერ ჟმაიელი, ქამილ შამუნი და სხვ.), დაშალეს პარლამენტი და შეაჩერეს კონსტიტუციის მოქმედება[3]. საფრანგეთის ხელისუფლების მოქმედებამ აღშფოთება გამოიწვია ქვეყანაშიც და არაბულ სამყაროშიც. ლიბანში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები. ამან აიძულა საფრანგეთის ხელისუფლება 1943 წლის 22 ნოემბერს გაეთავისუფლებინა პატიმრები, მათ შორის ბიშარა ელ-ხური. აქედან მოყოლებული აღნიშნული თარიღი ითვლება ლიბანის დამოუკიდებლობის დღედ და აღინიშნება როგორც ეროვნული დღესასწაული.
ბიშარა ელ-ხური დაუბრუნდა პრეზიდენტის თანამდებობას 1943 წლის 22 ნოემბერს და იგი ეკავა 1952 წლის 18 დეკემბერს. მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა იყო ეროვნული პაქტის შემუშავება, ლიბანის ქრისტიანი და მუსულმანი ლიდერების შეთანხმება, რომელიც დე-ფაქტო ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი გახდა.
ბიშარა ელ-ხურის პრეზიდენტობა ქვეყანაში აღინიშნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდით, მაგრამ ლიბანის მონაწილეობამ 1947-1949 წლების არაბეთ-ისრაელის პირველ ომში, რომლის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა 100 000 პალესტინელი ლტოლვილი, მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყნის ეკონომიკა. ამ ფაქტორმა და კიდევ ბიშარა ელ-ხურის ადმინისტრაციის წევრების კორუფციაში დადანაშაულებამ, ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციების პროვოცირება გამოიწვია, რამაც აიძულა ბიშარა ალ-ხური გადამდგარიყო ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან 1952 წლის 18 სექტემბერს.
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გარდაცვალებამდე იყო პარტია ად-დუსტურის ლიდერი. გარდაიცვალა 1964 წლის 11 იანვარს.
ბიშარა ელ-ხურის შვილი მიშელ ელ-ხური ასევე ლიბანელი პოლიტიკოსი იყო და 1960-იან წლებში ეკავა რიგი მინისტრების თანამდებობა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Khoury, (Cheikh) Béchara (Khalil) El-. Rulers.org. ციტირების თარიღი: 24 July 2012.
- ↑ Barak, Oren (2002). „Conflict and Peace in Lebanon“ (PDF). Int. J. Middle East Studies: 619–644. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 14 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 18 March 2013.
- ↑ David S. Sorenson (12 November 2009). Global Security Watch—Lebanon: A Reference Handbook: A Reference Handbook. ABC-CLIO, გვ. 7–. ISBN 978-0-313-36579-9. ციტირების თარიღი: 16 October 2012.