ბირკინის ელჩობა კახეთში 1587—1588 წლებში, რუსეთის პირველი ოფიციალური ელჩობა კახეთის სამეფოში. გააფორმა მფარველობა-ხელდებულობის ხელშეკრულება რუსეთსა და კახეთის სამეფოს შორის. ელჩობას მეთაურობდნენ როდიონ ბირკინი და პეტრე პივოვი. მათ ახლდა პოდიაჩი სტეფანე პოლუხანოვი. ელჩებს კახეთში ჩამოჰყვა 50 მეთოფე (სტრელეცი) ასისთავითურთ.

ბირკინის ელჩობა ოფიციალურად წარუდგა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს 1587 წლის 26 აგვისტოს და დამთავრდა 29 სექტემბერს ალექსანდრე მეფის მიერ რუსეთის მეფე თედორესადმი ერთგულების ფიცის წიგნის მიღბით (ტექსტი შედგენილი იყო მოსკოვშივე). მეფე ალექსანდრე (შვილებითა და უახლოესი დარბაისლებითურთ) ფიცით ადასტურებდა, რომ თხოვნით მიმართა რუსთ ხელმწიფეს, მფარველობაში აეყვანა და მტრებისაგან დაეცვა კახეთი. აღნიშნული იყო, რომ რუსთ ხელმწიფემ მფარველობის ხელი დასდო კახეთს და მისი ყველა მტრისაგან დაცვა ბრძანა, რომ ალექსანდრე და მისი მემკვიდრეები ამის შემდეგ მკვიდრად იქნებოდნენ თედორე მეფისა და მისი მემკვიდრეების ხელქვეშ; კახეთის მეფე რუსეთის საზიანოს არაფერს იმოქმედებდა, რუსეთის ხელმწიფის მტერს თავის მტრად მიიღებდა, მის მეგობარს — თავის მეგობრად. გარდა ამისა, კახეთის მეფე თავს იდებდა ყოველწლიურად მოსაკითხი გაეგზავნა რუსთ ხელმწიფისათვის. მოლაპარაკების დროს განსაკუთრებული დავა გამოიწვია უკანასკნელმა პუნქტმა. რუსეთის მხარე მოითხოვდა კახეთს სურსათით მოემარაგებინა ის ჯარი, რომელიც მდინარე თერგზე აგებულ ციხეში იქნებოდა ჩაყენებული კახეთის დასაცავად. კახეთის მეფემ ეს ძნელად შესასრულებელი ვალდებულება ყოველწლიური მოსაკითხით შეაცვლევინა. ბირკინის ელჩობა კახეთში დარჩა 1588 წლის გაზაფხულის ბოლომდე და 13 ოქტომბერს მოსკოვს დაბრუნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება