ბირათნაგარის გაფიცვა (1947)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გაფიცვა ბირათნაგარის ჯუთას ქარხანაში (Majdur Hartal) — Biratnagar Jute Mill, Ltd. საწარმოს მუშაკთა გაფიცვა (ჰარტალი) ბირათნაგარში (ნეპალი) 1947 წლის 4-27 მარტს. თავდაპირველად გაფიცვა მიმართული იყო კომპანიის მენეჯმენტის წინააღმდეგ შრომით უფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ თანდათან გადაიზარდა რეჟიმის წინააღმდეგ ნაციონალურ მოძრაობაში. იგი ითვლება ნეპალში ორგანიზებული პოლიტიკური შრომითი მოძრაობის ბრძოლის პირველ ნიმუშად.[1]

წინაპირობები

რედაქტირება

ქალაქ ბირათნაგარსა და ბირგანჯში ქარხნების გაჩენის შედეგად, ძირითადად მსუბუქი მრეწველობის დარგში, დაიწყო ნეპალის მუშათა კლასის ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, ყოფილი ხელოსნების ხარჯზე. ამასთან, ბირათნაგარში მდებარე იმავე ჯუთის ქარხნის მფლობელები არ უზრუნველყოფდნენ მუშების შრომით უფლებებს. გაუსაძლისი იყო არა მხოლოდ სამუშაო პირობები, არამედ მუშების საცხოვრებელი პირობებიც — საცხოვრებელ ბინებში არ იყო წყალი და სხვა ელემენტარული კეთილმოწყობა.[2] [3]

 
გირიჯა პრასად კოირალა

გაფიცვა და მასთან თანმხლები დემონსტრაციები დაიწყო 1947 წლის 4 მარტს. გაფიცვის ხელმძღვანელები იყვნენ გირიჯა პრასად კოირალა, მომავალი პრემიერ მინისტრი ნეპალის კონგრესიდან,  მისი ძმა ტარინი პრასად კოირალა, მანმოჰან ადჰიკარი და იურავაჯ ადჰიკარი, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ ჯუთას წარმოებაში.[4]

თავდაპირველად გაფიცულთა მოთხოვნები შრომით უფლებებს ეხებოდა, მაგრამ მალევე წამოჭრა პროფკავშირული პოლიტიკური უფლებების საკითხი. ბირათნაგარში გაფიცვას მხარი დაუჭირა ახლად შექმნილმა ნეპალის ეროვნულმა კონგრესმა (ნეპალის კონგრესის პარტიის წინამორბედი) ხოლო 9 მარტს მას შეუერთდა კიდევ ერთი ძმა კოირალას ოჯახიდან, ბიშვეშვარ პრასად კოირალა  მხარდამჭერებით. გაფიცულთა რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის საქსოვი ქარხნისა და სხვა მსუბუქი მრეწველობის საწარმოების ხარჯზე.[5]

 
პადმა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა

რანას რეჟიმმა სამთავრობო ჯარები გაგზავნა ბირათნაგარში გამოსვლების ჩასახშობად. დანიშნულების ადგილამდე მისულმა ჯარებმა ძალით შეაჩერეს მუშების პროტესტი და დააკავეს მათი ლიდერები. ზოგიერთმა ლიდერმა მოახერხა პატიმრობიდან თავის დაღწევა ინდოეთში გაქცევით. დარჩენილი ექვსი მუშა და კონგრესის ლიდერი (ბიშვეშვარ პრასად კოირალა, გირიჯა პრასად კოირალა, ტარინი პრასად კოირალა, გეჰენდრაჰარი შარმა, მანმოჰან ადჰიკარი და იუბარაჯ ადიკარი) ფეხით გაგზავნეს დედაქალაქ კატმანდუში, როგორც პატიმრები. ისინი სხვადასხვა ვერსიით  21-დან 24 დღემდე მიემართებოდნენ დედაქალაქისკენ ბორცვების გავლით.

პატიმრების მსვლელობამ დიდი ყურადღება მიიპყრო, რამაც ხელი შეუწყო გზადაგზა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების რადიკალიზაციას. ნეპალის ეროვნულმა კონგრესმა გამართა კონფერენცია ჯოგბანში (ინდოეთი) და გადაწყვიტა დაეწყო ეროვნული სატიაგრაჰა, ანუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა. ასე დაიწყო პროტესტი რანას დინასტიის (მემკვიდრეობითი პრემიერ-მინისტრები)  წინააღმდეგ , რაც 1951 წელს  მათი მმართველობის დამხობით დასრულდა.

როგორც დაგეგმილი იყო, რანას კლანის საწინააღმდეგო საერთო მოძრაობა 13 აპრილს დაიწყო. ათასობით ნეპალელი დააპატიმრეს ბირათნაგარში, კატმანდუში, ჯანაკპურსა და ბირგანჯში. ისინი ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ასევე სამოქალაქო უფლებების ინსტიტუციონალიზაციას ითხოვდნენ. ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა კატმანდუს ქუჩებში საპროტესტო აქციის ფარგლებში. დედაქალაქში საპროტესტო აქტივობამ ხელისუფლება შეაშფოთა. 16 მაისს, რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა პადმა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანამ წარმოთქვა ისტორიული სიტყვა, რომელშიც თანხმობა განაცხადა მთავრობაში შეეყვანათ უფრო მეტი  უბრალო ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ რანას კლანს.

პადმა შამშერ რანამ ასევე გასცა ბრძანება დაკავებულთა უმეტესობის გათავისუფლების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ბიშვეშვარ პრასად კოირალა და მისი თანამოაზრე აგიტატორები ბირატნაგარიდან დარჩნენ პატიმრობაში. ისინი გაათავისუფლეს მხოლოდ 1947 წლის აგვისტოში  —  27-დღიანი შიმშილობის, სახალხო პროტესტების და ინდოეთის ეროვნული კონგრესის პოლიტიკოსების შუამდგომლობების წყალობით, მათ შორის მაჰათმა განდის პირადი თხოვნით.

გაფიცვის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ნეპალის ისტორიაში —  ძმები ბ.პ. და გ.კ. კოირალები მოგვიანებით ხელმძღვანელობდნენ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს ნეპალის კონგრესიდან, ხოლო მანმოჰან ადჰიკარი 1949 წელს გახდა ნეპალის კომუნისტური პარტიის თანადამფუძნებელი. [6][7]

  1. Bhuwan Lal Joshi; Leo E. Rose (1966). Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation. University of California Press. p. 62. GGKEY:5N30S3HU9BC.
  2. Self Portraits (In nepali), p. 53.
  3. Mahendra Man Singh (3 September 2013). Forever Incomplete: The Story of Nepal. SAGE Publications. pp. 124–. ISBN 978-81-321-1658-5.
  4. Bhuwan Lal Joshi; Leo E. Rose (1966). Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation. University of California Press. p. 61. GGKEY:5N30S3HU9BC.
  5. Bhuwan Lal Joshi; Leo E. Rose (1966). Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation. University of California Press. p. 62. GGKEY:5N30S3HU9BC.
  6. Human Rights Violations in Nepal. Human Rights Watch. 1989. pp. 15–. ISBN 978-0-929692-31-9.
  7. Bhuwan Lal Joshi; Leo E. Rose (1966). Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation. University of California Press. p. 63. GGKEY:5N30S3HU9BC.