ბიბერშტაინის ძირწითელა (ლათ. Echium italicum biebersteinii) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა, იტალიური ძირწითელას ქვესახეობა. ადრინდელი წყაროები ცალკე სახეობად გამოყოფდნენ.[1] ღერო სიმაღლეში 30–100 სმ-ია, ძლიერ დატოტვილი. მთელი მცენარე მოკლე, უხეში და გაფარჩხული ბეწვითაა დაფარული. ფესვთანური ფოთლები 30 სმ-მდე სიგრძისაა, ლანცეტა ფორმის, ღეროსეული ფოთლები ვიწრო-ლანცეტაა. ყვავილედი ძლიერ დატოტვილი და ფართოსაგველასებურია. გვირგვინი მოთეთრო-მოვარდისფროა, შებუსული, ვიწროძაბრისებური. ყვავილობს ივნისში. ნაყოფმსხმოიარობს აგვისტოში.[2]
იზრდება მშრალ, ქვიან, რუდერალურ ადგილებში, ნათესებში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე და ცენტრალურ აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში.[2]