ბეღელის კოშკი
ბეღელის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ბეღელის განაპირას, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი ექვსართულიანია, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავი და სართულშუა გადახურვა, დეფორმირებულია ზედა სამი სართულის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები.
I სართულს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კიდესთან - სათოფური. სამხრეთ კედელში ორი სათოფურია, დასავლეთ კედელში კი, ერთი სათოფური და მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი. III სართულის დასავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი სათოფური. IV სართულის ოთხივე კედელში თითო მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. V სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში სალოდეებია მოწყობილი, ჩრდილოეთ კედელში - ერთი სარკმელი და ერთი სათოფური. მეექვსე სართულის კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 69.