ბერბენკი (ქლიავის ჯიში)

ბერბენკიქლიავის ჯიში. გამოყვანილია ლუთერ ბერბენკის მიერ 1883 წელს იაპონიიდან მიღებული ქლიავის კურკის დათესვით. საქართველოში გვხვდება მხოლოდ საკოლექციო ნარგავებში.

ხე ძლიერ გამძლე, მოსავლიანი და საღია. ნაყოფი სხვა იაპონურ ქლიავის ჯიშებთან შედარებით, საუკეთესო გემოსია. ხე ხასიათდება ბრტყელი გაშლილი ვარჯით. ფოთოლი განიერ-ლანცეტისებრია, ძალიან წააგავს ატმის ფოთოლს. ახასიათებს ადრეული ყვავილობა. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლო რიცხვებში; საშუალო ზომისაა (4🞩4,5 სმ), მრგვალი ფორმის. კანი თხელია, მაგრამ მკვრივი. ძირითადი ფერი ყვითელია და დაფარულია წითელი შეფერვით. კანზე ემჩნევა მრავალი მსხვილი ყომრალი ფერის წერტილი. რბილობი მუქი ყვითელი ფერისაა, წვნიანი, ნაზი, მკვრივი, ტკბილი და სურნელოვანი. კურკა არ ეცლება რბილობს, წვრილია, მომრგვალო, ოვალური ფორმის. ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტირებას და დიდხანს ინახება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.