სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდეზიანი.

ბენიამინ (ბენო) პავლეს ძე გორდეზიანი (დ. 13 მარტი, 1894, სოფ. საკაო, ქუთაისის გუბერნია — გ. 22 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი მხატვარი, მწერალი, პუბლიცისტი. მისსავე თქმით, იყო „ქართული ფუტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი“.

ბენო გორდეზიანი
დაიბადა 13 მარტი, 1894
დაბადების ადგილი სოფ. საკაო, ქუთაისის გუბერნია
გარდაიცვალა 22 ივლისი, 1975
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მიმდინარეობა ფუტურიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1894 წლის 13 მარტს სოფელ საკაოში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია. გორის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თბილისში განათლების უმაღლეს კურსებს გადიოდა. 1925 წელს გორდეზიანი სწავლობდა მოსკოვში „ვხუტემასში“ (ВХУТЕМАС), 1928 წელს სწავლას აგრძელებდა იმ ხანად ახლად გახსნილ თბილისის სახალხო უნივერსიტეტში. 1926 წლიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვლავ სახელმწიფო გამომცემლობაში. 1921-1930 წლებში ასევე მუშაობდა მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატში, კულტურისა და პოლიტიკური განათლების განყოფილებაში; სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ სახელმწიფო გამომცემლობაში. 1932 წლიდან იყო ქართველ საბჭოთა მხატვრთა კავშირის წევრი და კავშირთან არსებული კრიტიკოსთა სექციის წევრი.

იბეჭდებოდა და ცალკე წიგნებად გამოდიოდა მისი როგორც ორიგინალური, ისე თარგმნილი ნამუშევრები. („ნიკო ფიროსმანიშვილი“, „ხელოვნება განსაცდელშია“, „რატომ არ არის ყველა ნივთი ერთფერი“, „ქართველი მწერლები“ (წიგნი-ალბომი) და სხვა.)

II მსოფლიო ომის დროს მუშაობდა სხვადასხვა სააგიტაციო ლიტერატურის და პოლიტიკური პლაკატების გამოცემებში და წიგნის დიზაინში.

1922 წლიდან გორდეზიანი მემარცხენე ფუტურისტების ჯგუფ „H2SO4“-ის წევრი და მისი იდეოლოგიის თანამიმდევრული გამტარებელი იყო. იყო ამავე ჯგუფის ექსტრავაგანტური და სკანდალური საჯარო გამოსვლების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1924 წელს ჯგუფის წევრებთან ერთად გამოუშვა ამავე სახელწოდების ჟურნალი, რომელიც გამოირჩეოდა წყობით, დიზაინითა და შინაარსით ზოგადად იმ პერიოდის ფუტურისტული და დადაისტური ბეჭდვითი პროდუქციისაგან.

ჩამოვთვლით ჟურნალის ავტორებს, ე. ი. H2SO4-ის ჯგუფის წევრებს იმ საინტერესო მინაწერებით, რომელიც გაუკეთებია უცნობს ჟურნალის სატიტულო გვერდზე თითოეული ავტორის გვარის გასწვრივ. შემდეგ პოეტს იოსებ გრიშაშვილს ის ბაზარზე შეუძენია და ამჟამად ჟურნალი მის ბიბლიოთეკა-მუზეუმში ინახება.

მაშ ასე: ბენო გორდეზიანი – “მხატვარი დადაისტი (?)”, ნიოგოლ ჩაჩავა – “წმ. წყლის ფუტურისტი”, ირაკლი გამრეკელი – “მხატვარი ფუტურისტი”, პავლე ნოზაძე – “წმ. წყლის დადაისტი”, ჟანგო ღოღობერიძე – “ანკარა დადაისტი”, აკაკი ბელიაშვილი – “ფუტურისტი”, სიმონ ჩიქოვანი – “ანკარა ფუტურისტი”, ნიკოლოზ შენგელაია – “კომ. ფუტურისტი (აშკარა)”, შალვა ალხაზაშვილი – “კომ. ფუტურისტი”; “სულ: H2SO4”.

1925 წელს „H2SO4“-მა გამოსცა კიდევ ერთი ჟურნალი „ლიტერატურა და სხვა“, შემდეგ კი, უკვე 1926 წლიდან შეწყვიტა არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ 1927 წელს გამოჩნდა მემარცხენეთა ახალი თაობა, 1928 წლისთვის მემარცხენეული იდეოლოგია თანდათან იმდენად შესუსტდა, რამდენადაც სახელოვნებო ამბოხი და რევოლუცია ხელოვნებაში სულ უფრო არასასურველი გახდა. ამავე პერიოდში, ნიკოლოზ ჩაჩავას ბენო გორდეზიანისადმი მიწერილ წერილში შეიმჩნევა რუსული ფრაზა „ожидание опасностей и риск“ (ქართ. საშიშროების მოლოდინი და რისკი).

მრავალი წელი ბენო გორდეზიანი ქართულ შრიფტზე მუშაობდა. ეს ჯერ კიდევ „H2SO4“-ის წევრობის დროს დაწყებული პროექტი იყო, თავისი არსით ფუტურისტული. მაშინ ის წერდა: „ანბანი – ხმის გადმომცემი ნიშანი. თანამედროვე ნიშანის საწყისი არის ბუნება (სოფელი). ქალაქი განვითარებული ტეხნიკით იძლევა ისეთ ხმებს, რომლის გამომთქმელი ნიშანი ჯერ არ გაკეთებულა“.

1947 წელს დაარსდა ქართული შრიფტის მუდმივი კომიტეტი, სადაც ბენო ხელმძღვანელობდა მეცნიერულ კვლევით ლაბორატორიას. 1949 წელს შექმნა ქართული შრიფტის ახალი გარნიტური „მკაფიო“. 1957 წელს შექმნა ახალი შრიფტი სახელწოდებით „ვიწრო გარნიტური“. 1952 წლიან გამოვიდა მისი მონოგრაფიები და გამოკვლევანი: იოსებ შარლემანზე, გრიგოლ ტატიშვილზე, დავით ქუთათელაძეზე, ქართულ მხედრულ შრიფტზე, მიხაი ზიჩზე, ქართულ გრაფიკაზე და სხვა საკითხებზე. 1954 წელს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, დაჯილდოვდა მედლით „შრომითი მამაცობისთვის“ და ქების სიგელით. 1958 წლებში მუშაობდა „პირველი ქართული გრაფკული გამოსახულებების“ თემაზე.

1960-იანი წლების დასაწყისში სტუდიაში მომხდარი ხანძრის გამო მისი ნამუშევრები განადგურდა. დღეისთვის მოაღწია მხოლოდ პუბლიკაციებმა, რამდენიმე გრაფიკულმა და ორმა ფერწერულმა ნამუშევარმა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება