ბენი გუდმენი
ბენი გუდმენი (Benny Goodman, დაბ. Benjamin David Goodman, დ. 30 მაისი, 1909 — გ. 13 ივნისი, 1986) — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი, ცნობილი როგორც "სვინგის მეფე", "კლარნეტის პატრიარქი", "პროფესორი", და სხვ.
დაიბადა ჩიკაგოში; პოლონეთიდან ემიგრირებული ღარიბი ებრაელების ოჯახში თორმეტიდან მეცხრე შვილი იყო, და მაქსუელ სტრიტის უბანში ცხოვრობდა. მამამისი, დევიდ გუდმენი, მკერავი იყო ვარშავიდან, დედა, დორა რეზინსკი, კი — კაუნასიდან. მისი მშობლები ბალტიმორში, მერილენდი, შეხვდნენ და ჩიკაგოში ბენის დაბადებამდე გადავიდნენ.
როცა ბენი 10-ს გახდა, მამამისმა მის ორ უფროს ძმასთან ერთად მუსიკის გაკვეთილებზე შეიყვანა ჰელელა იაკობის სინაგოგაში. მომდევნო წელს ბიჭების გუნდს შეუერთდა ჯეინ ადამსის სკოლაში, სადაც მას გაკვეთილებს ჯეიმზ სილვესტერიც უტარებდა. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო ფრანც შოეპთან კლარნეტის გაკვეთილები.
მის ადრეულ გავლენათა შორის იყვნენ ჯაზის კლარნეტზე შემსრულებლები ჩიკაგოდან, მათ შორის ჯონი დოდსი, ლეონ როპოლო, და ჯიმი ნოუანი. გუდმენი სწრაფად სწავლობდა და ჯერ კიდევ შორტებში უკვე პროფესიონალი დამკვრელი გახდა.
16 წლისა უკვე ჩიკაგოს საუკეთესო ბენდებში უკრავდა, მათ შორის ბენ პოლაკის ორკესტრში, რომელთანაც მან საკუთარი პირველი ჩანაწერი გააკეთა 1926 წელს. საკუთარი სახელით პირველი ჩანაწერი კი ორ წელიწადში გააკეთა. პოლაკთან გუდმენი 1929 წლამდე დარჩა, თუმცა ამასთან ჩანაწერებს აკეთებდა გახმაურებულ ჯგუფებთან, როგორიცაა Mills' Musical Clowns, Goody's Good Timers, The Hotsy Totsy Gang, Jimmy Backen's Toe Ticklers, Dixie Daisies, და Kentucky Grasshoppers.