ბეთელგეიზე, α ორიონისა — ღამის ცის მეთერთმეტე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და მეორე ყველაზე კაშკასა ორიონის თანავარსკვლავედში, რიგელის შემდეგ. არის გამორჩეულად მოწითალო, ნახევრად წესიერი ცვალებადი ვარსკვლავი, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდეც +0.0 - +1,3-ს შორის მერყეობს.

ტელესკოპ ALMA-ს მიერ გადაღებული ბეთელგეიზე
ბეთელგეიზე (მაღლა მარცხნივ) და ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსის მკვრივი ნისლეული

ბეთელგეიზე კლასიფიცირებულია, როგორც M1-2 სპექტრული ტიპის წითელი სუპერგიგანტი და წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ხილულია. თუ ამ წითელი ზეგიგანტ ვარსკვლავს ჩვენი მზის სისტემის ცენტრში მოვათავსებთ მზის მაგივრად, მისი ზედაპირი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის, ასტეროიდთა სარტყლის გადაღმა აღმოჩნდება და მთლიანად ჩაყლაპავს მერკურის, ვენერას, დედამიწასა და მარსს, შესაძლოა, იუპიტერსაც. თუმცა, ირმის ნახტომში არის რამდენიმე უფრო დიდი წითელი სუპერგიგანტიც, მათ შორის ცეფევსის მიუ და VY დიდი ქოფაკი. მასით ჩვენს მზეს დაახლოებით ოცჯერ აღემატება. დედამიწიდან დაშორებულია დაახლოებით 640 სინათლის წლით. აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე −6-ია. ბეთელგეიზეს ასაკი 10 მილიონ წელზე ნაკლებია, მაგრამ დიდი მასის გამო საკმაოდ სწრაფად ვითარდება. სიცოცხლეს ის სუპერნოვად აფეთქებით დაასრულებს, რაც სავარაუდოდ, მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში მოხდება. დაიბადა ვარსკვლავურ ასოციაცია ორიონ OB1-ში, საიდანაც შემდეგ გამოიტყორცნა; ეს გაქცეული ვარსკვლავი ვარსკვლავთშორის სივრცეში 30 კმ/წმ სიჩქარით მიჰქრის და წარმოქმნის დარტყმით ტალღას, რომლის სიგანეც ოთხი სინათლის წელია.

1920 წელს, ბეთელგეიზე პირველი ვარსკვლავი გახდა მზის შემდეგ, რომლის ფოტოსფეროს კუთხური ზომაც გაზომეს. შემდგომი კვლევებით გაირკვა, რომ მისი კუთხური დიამეტრი (ხილული ზომა) 0,042 - 0,056 არკსეკუნდს შორის მერყეობს, სხვაობების მიზიზი კი არის არასფერულობა, პულსაცია და ცვალებადი ხილულობა სხვადასხვა ტალღის სიგრძეში. გარს აკრავს კომპლექსური, ასიმეტრიული გარსი, რომელიც ვარსკვლავზე 250-ჯერ დიდია და წარმოქმნილია ბეთელგეიზეს მიერ მასის დაკარგვით.

2019 წლის ოქტომბრიდან, ბეთელგეიზემ მნიშვნელოვნად ჩაბნელება დაიწყო. ვარსკვლავიერი სიდიდე 0,5-დან 1,5-მდე შემცირდა. ასტროფიზიკოსებს შორის გაჩნდა ვარაუდი, რომ ასეთი ძლიერი ჩაბნელება შეიძლება მალე მის სუპერნოვად აფეთქებაზე მიუთითებდეს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: