ბეგოთკარის მთავარმოწამის ეკლესიის კომპლექსი
ბეგოთკარის მთავარმოწამის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგოთკარის ჩრდილო-დასავლეთით, ხევისპირა მინდორზე. კომპლექსი მდინარე ხადისწყლის ხეობის მთავარი სალოცავია. სამშენებლო წარწერის მიხედვით, აგებულია 1908 წელს ადგილობრივი მოსახლეობის დაკვეთით.
კომპლექსი შედგება ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისაგან.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შეკეთებულია, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია თითო განიერი და მაღალი კონტრფორსი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა და ნახევარწრიული ქვის ტიმპანი აქვს. მეორე კარი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი კონტრფორსების მიშენებისას გაუუქმებიათ. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში, მოზრდილი თაღოვანი, შიგნითკენ შევიწროებული სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში, კარის თავზე. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ნიშაა. კანკელი ხისაა.
ეკლესიის ინტერიერი და ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, ირმის ორი მოზრდილი რელიეფური გამოსახულებაა. მათ შორის, ჯვარცმული ქრისტეა. დასავლეთის ფასადზე, კარის ტიმპანში, ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვის სცენაა. რელიეფი შეფერილია თეთრი, აგურისფერი და შაბიამნისფერი საღებავით. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, ნალესობაში გამოყვანილია ვერძის გამოსახულება, ფრონტონის წვერში კი – ჯვარი. კედლები დასრულებულია მარტივი ლავგარდნით. სახურავი ორფერდაა.
ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით თლილი ქვით ნაგები ორსართულიანი სამრეკლო დგას. მისი პირველი სართული ერთმანეთთან ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებული ოთხი მასიური ბურჯია. მეორე სართული მსგავსი ფორმის, მაგრამ შედარებით ვიწრო ფანჩატურია, რომელიც პირველ სართულს უკავშირდება იატაკში გაჭრილი ღიობით. სამრეკლოს გადახურვა და მეორე სართულის ერთი თაღი ჩაქცეულია.
ქვით ნაგები გალავნის კვალიღა შეიმჩნევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაგრატიონი გ., მაცაბერიძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 227-228.