ბებრისციხე (ანანური)
ბებრისციხე — მდებარეობს სოფელ ანანურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაციხე შეიცავდა განცალკევებულ კლდოვან მასივზე ცალი მხრიდან მიშენებულ ორ კოშკს და კლდეზე დაშენებულ ნაგებობას. კოშკები კლდეზე აღმოსავლეთის მხრიდან იყო მიშენებული. მათგან შედარებით უკეთ იყო შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე, გეგმით ოთხკუთხა (9 X 4,5 მ) ოთხსართულიანი კოშკი, რომელიც სამი მხრიდან სწორი კედლით იყო შემოზღუდული. შესასვლელი პირველი სართულის დონეზე — ჩრდილოეთის კედელში იყო მოწყობილი. მის მოპირდაპირედ — დაბალი თაღოვანი ღიობი, რომელიც მდინარის ნაპირთან გადიოდა. სართულის აღმოსავლეთ კედელში. ერთ დონეზე, განლაგებული იყო ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული სამი სათოფური. სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხესთან კლდეში ამოკვეთილი იყო სამეურნეო დანიშნულების ღრმა ორმო. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი იყო ორი სარკმელი, ჩრდილოეთ კედელში — ერთი. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში მოწყობილი იყო ფართო ღიობი. ჩრდილოეთ კედელი და სამხრეთ კედლის შემორჩენილი ნაწილი ყრუ იყო. კოშკის მეოთხე სართულს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლების მცირე ნაწილიღა ჰქონდა შემორჩენილი.
მეორე კოშკისგან მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილი იყო შემორჩენილი. ციხის მესამე, კლდის მასივის თხემზე აგებული ნაგებობიდან მხოლოდ კედლების ფრაგმენტები იკითხებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თ. დვალი, ზ. კალანდაძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 210-211.