ბაწარაული
ბაწარაული — ხარისხიანი ხმლის ეპითეტი, რომელიც გამოიყენებოდა ფშაურ დიალექტში.
ტერმინ „ბაწარაულის“ ქვეშ თანამედროვე იარაღის მოყვარულები და კოლექციონერები გულისხმობენ შენადუღ ჯავარდენის ფოლადს, ე. წ. დამასკურ ფოლადს, რომელიც მიიღება სხვადასხვა რკინის შოლტების, ფირფიტების ერთმანეთთან შეგრეხვით და შეჭედვით, რის შემდეგაც ასეთი ტექნოლოგიით ნამზადს ზედაპირზე ტალღოვანი ნაყში (ნახატი) ეტყობა. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ძველ დროში ნამდვილად ეძახდნენ თუ არა ბაწარაულს ამ სახეობის ფოლადს. იარაღის მოყვარულებსა და კოლექციონერებს შორის, შენადუღი ჯავარდების აღსანიშნავად ტერმინი „ბაწარაულის“ გავრცელება განაპირობა ვიზუალურმა ასოციაციამ, რადგან ზემოთხსენებული სამჭედლო შედუღების ხერხი ემსგავსება ბაწრის გრეხვის პროცესს.
დღესდღეობით დადასტურებული ყველა ლიტერატურული წყარო „ბაწარაულს“ უწოდებს მაღალი ღირსების ხმალს და არა ფოლადს. მაგალითად ვაჟა-ფშაველა პოემაში „გოგოთურ და აფშინა“, აფშინას ხმალთან დაკავშირებით ასეთ ფრაზას ამბობს „აფშინას ბაწარაულის შუქი შორს გაიფინება“. ფშაურ ხალხურ პოეზიაშიც გვხდება ბაწარაული, როგორც მაღალი ღირსების ხმლის ეპითეტი: „კაცსა ვინ გასჭრის ოხრადა – აბაის ბაწარაული!“ და ა.შ. ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი „ბაწარაული“ ნამდვილად აღნიშნავდა თუ არა შედუღების ხერხით დამზადებულ ფოლადსაც თუ მხოლოდ მაღალი ღირსების ხმლის ეპითეტი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალიშვილი ლ., თბილისური ფოლადი და ელიარაშვილები. თბ. 2023, 256 გვ.
- Двалишвили Л.Б. Анализ грузинской традиционной терминологии, обозначающей булат и дамасскую сталь // Историческое оружиеведение. — 2023. — № 12. — С. 109 — 162.