კონსტანტინე ბაქრაძე
კონსტანტინე (კოტე) სპირიდონის ძე ბაქრაძე (დ. 24 ნოემბერი, 1898, თბილისი — გ. 28 აპრილი, 1970, იქვე) — ქართველი ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943). თბილისში მისი სახელობის ქუჩა არსებობს.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირება1918 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. 1922 წელს დაამთავრა თსუ, 1923–1925 წლებში იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით გერმანიაში. მუშაობდა ჰუსერლთან, რიკერტთან, ჰაიდეგერთან. 1930 წლიდან თსუ-ს პროფესორია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ისტორიისა და ლოგიკის კათედრებს. კვლევის ძირითადი სფერო — ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა, შემეცნების თეორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული დიალექტიკის ისტორიის საკითხების დამუშავებაში. ბაქრაძე იყო ფილოსოფიური სკოლების — ნეოკანტიანელობის, ფენომენოლოგიის, პრაგმატიზმის, ეგზისტენციალიზმის ცნობილი მკვლევარი; ამ ფილოსოფიის სისტემების განხილვისას მოითხოვდა ობიექტურობისა და პარტიულობის პრინციპის დაცვას, იმანენტური სიძნელეების ანალიზს. ბაქრაძემ სიცხადე შეიტანა ფილოსოფიის ბევრი ძირითადი ცნებისა და თეორიის გაგებაში, ყოფილ სსრკ-ში ერთ-ერთმა პირველმა დასვა და თავისებურად გადაწყვიტა ფორმალურ და დიალექტურ ლოგიკას შორის დამოკიდებულების პრობლემა, დაუპირისპირდა გაბატონებულ შეხედულებას, რომელიც უარყოფდა ფორმალურ ლოგიკას. პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო (1946; რუსეულ ენაზე - 1955), ჟურნ. „ვოპროსი ფილოსოფიის“ (1950, № 2) ფურცლებზე დაბეჭდილი მისი სტატიით — „ლოგიკისა და დიალექტიკის“ დამოკიდებულების საკითხისათვის დაიწყო საკავშირო დისკუსი ლოგიკის ძირეულ პრობლემებზე. ბაქრაძის შრომებში გამოკვლეულია მარქსისტული შემეცნების თეორიის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა ჭეშმარიტების ობიექტურობის პრობლემა, ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემა და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — ნინო ალექსანდრეს ასული დიასამიძე (დ. 4 აპრილი, 1898, თბილისი — გ. 27 მაისი, 1978, იქვე).
სქოლიო
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კოდუა ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 241.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 76, თბ., 1994