ბატილდა ორლეანელი
ბატილდა ორლეანელი (ფრანგ. Bathilde d'Orléans; დ. 9 ივლისი, 1750 — გ. 10 იანვარი, 1822) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ისა და მისი ცოლის, ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის ქალიშვილი. კონდეს უკანასკნელიპრინცესა 1818-22 წლებში როგორც ლუი ანრი II-ის მეუღლე. კონდეს დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის, ენგიენის ჰერცოგ ლუი ანტუან დე ბურბონის დედა.
ბატილდა ორლეანელი | |
---|---|
კონდეს პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 13 მაისი, 1818 |
მმართ. დასასრული: | 10 იანვარი, 1822 |
წინამორბედი: | მარია კატერინა ბრინოლი |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 10 იანვარი, 1822, (71 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი ანრი II, კონდეს პრინცი |
შვილები: | ლუი ანტუანი, ენგიენის ჰერცოგი |
სრული სახელი: | ლუიზ მარი ტერეზ ბატილდა ორლეანელი |
დინასტია: | ორლეანელები |
მამა: | ლუი ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაახალგაზრდობა
რედაქტირებაბატილდა დაიბადა 1750 წლის 9 ივლისს პარიზში. იგი იყო ლუი XIV-ის უმცროსი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის შთამომავალი. იგი ასევე იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ისა და მისი პირველი მეუღლის, ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის უმცროსი ქალიშვილი. მისი სამეფო სისხლის გამო სამეფო კარზე მადმუაზელსა და მის უდიდებულესობას უწოდებდნენ. 1759 წელს, როდესაც ბატილდა სულ რვა წლის იყო, გარდაიცვალა დედამისი, რის შემდეგაც მალევე მამამისი თავის საყვარელ მადამ დე მონტესონზე დაქორწინდა. ამ დროს ბატილდა ძალიან ეკლესიურ გოგონად იქცა, როგორიც იყო მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება.
ქორწინება
რედაქტირებათავდაპირველად პატილდა მოიაზრებოდა თავისი გარე ბიძაშვილის, პარმის ჰერცოგ ფერდინანდო I-ის საცოლედ, რომელიც საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის საყვარელი შვილიშვილი იყო. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ჩაიშალა და ფერდინანდომ ცოლად მარია ამალია ავსტრიელი შეირთო. საბოლოოდ, 1770 წელს იგი ცოლად გაჰყვა ენგიენის ჰერცოგ ლუი ანრის, რომელიც იყო კონდეს პრინც ლუი ჟოზეფ I-ისა და მისი განსვენებული მეუღლის, შარლოტ დე როანის უფროსი ვაჟი. მათი ქორწინება ვერსალის სასახლეში შედგა, რის შემდეგაც ბატილდა ენგიენის ჰერცოგინია გახდა.
ქორწინებისას მისი ქმარი მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო, მაშინ როცა ბატილდა უკვე ოცის იყო. ენგიენის ჰერცოგს თავისი ახალი მეუღლე სულ ექვს თვეში მობეზრდა. ისინი ამის შემდეგ ძალიან იშვიათად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. ამრიგად, 1772 წელს დაიბადა მათი პირველი და უკანასკნელი შვილი ლუი ანტუანი, რომელსაც ენგიენის ჰერცოგობა უბოძეს, ამის სანაცვლოდ კი მისი მშობლები ბურბონის ჰერცოგი და ჰერცოგინია ხდებიან. 1780 წელს ბატილდა და ლუი ანრი გაიყარნენ და ერთად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა მათ არც ჯვარი აუყრიათ და არც ოფიციალურად განქორწინებულან. ამის შემდეგ ლუი ანრიმ საყვარელი გაიჩინა, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა, ბატილდა კი თავის ვაჟთან ერთად გადაცხოვრდა შატო დე შანტილში. 1785 წელს ორლეანის ჰერცოგი ბატილდას ძმა, ლუი ფილიპ II გახდა, რომელმაც თავის დას პარიზის ცენტრში მდგარი პეტიტ-ბურგის სასახლე უყიდა.
რევოლუცია და დევნილობა
რედაქტირებაბასტილიის ციხის აღებისა და საფრანგეთის რევოლუციის დაწყებასთან ერთად, ბატილდა თავის ოჯახითურთ გაიქცა საფრანგეთიდან. გამწარებული რევოლუციონერების შიშით არა მხოლოდ ისინი, არამედ ნახევარი სამეფო ოჯახი და არისტოკრატია გაიქცა ქვეყნიდან, მათ შორის ბატილდას ძმა და მისი ცოლ-შვილიც. 1792-95 წლებში რევოლუციონერებმა მოკლეს ლამბალის პრინცესა მარია ლუიზა სავოიელი, საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტი, მეფე ლუი XVI, დედოფალი მარია ანტუანეტა და მეფე ლუი XVII-ს ტუსაღობაში ამოჰხადეს სული. ყოველივე ამის შემდეგ, საფრანგეთი რესპუბლიკად ცხადდება და ფრანგ დიდგვაროვნებს უკან დაბრუნება ეკრძალება.
1797 წელს ბატილდამ დატოვა ქმარი და თავის ძმას, ლუი ფილიპსა და მის ცოლს, მარი ადელაიდა დე ბურბონს შეუერთდა, რომლებიც ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში იყვნენ გაქცეულები. ვინაიდან ესპანეთის მეფეც ბურბონი იყო, იგი დიდი სიხარულით იფარებდა საფრანგეთიდან დევნილ თავის ნათესავებს.
საქმეს ის ართულებდა, რომ რევოლუციისას ბატილდას ერთადერთმა ვაჟმა ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა მისი ვაჟი ლუი ანტუანი 1804 წელს ჯერ ვენსენის ციხეში გამოკეტა, შემდეგ კი დახვრიტა. ლუი ანტუანს მართალია ცოლი ჰყავდა, თუმცა მას მემკვიდრე არ დაუტოვებია. შესაძლოა ითქვას, რომ მისმა მოკვლამ გაანადგურა ბატილდა, თუმცა საფრანგეთში ვერ ბრუნდებოდა და კვლავ ემიგრაციაში რჩებოდა.
საფრანგეთში დაბრუნება
რედაქტირება1815 წელს საფრანგეთში ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ ბატილდა სამშობლოში დაბრუნდა, ისევე როგორც სხვა ბევრი დიდგვაროვანი. იგი ელისეის სასახლეში დაბინავდა, სადაც უკანასკნელი წლები გლოვასა და ლოცვაში გაატარა. ცნობილია, რომ მას მონაზვნად აღკვეცაც სურდა, თუმცა ამისათვის უნდა განქორწინებულიყო, რაც ვერ მოახერხა. საკმაოდ დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ ბატილდას მამამთილი 1818 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი კონდეს პრინცესა ხდება, თუმცა არც ისე დიდი ხნით. 1822 წელს ბატილდა ორლეანელი გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირება- ლუი ანტუანი (1772-1804), ენგიენის ჰერცოგი, ცოლად შეირთო შარლოტ დე როანი, თუმცა შვილები არ ჰყოლია. დახვრიტეს ნაპოლეონის ბრძანებით, რის გამოც შეწყდა ბურბონთა დინასტიის კონდეს შტო;
- ადელაიდა ვიქტორია დე როკიფუა, ჰყავდა უცნობი საყვარლისაგან, იგი გათხოვდა და შეეძინა შვილებიც;
წინაპრები
რედაქტირებატიტულები
რედაქტირება- 9 ივლისი 1750 - 24 აპრილი 1770: მისი სამეფო უდიდებულესობა მადამ დე ორლეანი;
- 24 აპრილი 1770 - 2 აგვისტო 1772: მისი სამეფო უდიდებულესობა ენგიენის ჰერცოგინია;
- 2 აგვისტო 1772 - 18 მაისი 1818: მისი სამეფო უდიდებულესობა ბურბონის ჰერცოგინია;
- 18 მაისი 1818 - 10 იანვარი 1822: მისი სამეფო უდიდებულესობა კონდეს პრინცესა;
ლიტერატურა
რედაქტირება- Fremont-Barnes, Gregory (2007). Encyclopedia of the Age of Political Revolutions and New Ideologies, 1760-1815: A-L. Greenwood Publishing Group. p. 216. ISBN 978-0313334467.
- Some of this information is found in the Memoires of Henriette Louise de Waldner de Freundstein, the Baroness d'Oberkirch, Volume Two.