ბარლის ტბა
ბარლის ტბა (ინგლ. Lake Barlee) — პერიოდული მლაშე ტბა ავსტრალიაში, დასავლეთ ავსტრალიაში.[1] მდებარეობს იილგარნის კრატონში,[2] ზღვის დონიდან 382 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1980 კმ². დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 80 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 100 კმ-ზე. ბარლისა და ამ არეალის ფარგლებში მყოფი ტბები კაინოზოური ასაკის პალეოხეობებს წარმოადგენენ, რომლებიც უმეტესწილად მიწისქვეშა წყლებით იკვებებიან, რომლებიც თავის მხრივ, ძველი პალეოარხების გავლით მიედინებიან. არხები ამოვსებულია კალიჩეთი და ალუვიური თიხოვან-კვარციანი ქანებით. ბარლის ტბა ჩვეულებრივ გამშრალია, თუმცა 10 წელიწადში ერთხელ წყლით ივსება ხოლმე, რის შედეგადაც ქვაბულში წყალი 1 წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში რჩება. საზრდოობს წვიმის წყლითა და მრავალრიცხოვანი კრიკებით. ფსკერი მოშიშვლებულია, ბევრია კუნძული, რომელთა სიმაღლე 10 მ-ზე ნაკლებია. წყლის ფრინველების გამრავლების მნიშვნელოვანი ადგილია. როდესაც ტბა ავსებულია ან გადავსებულია სულ მცირე ხუთი კუნძულია ისეთი, სადაც ფრინველები ბუდობენ.[3]
ბარლის ტბა | |
---|---|
ბარლის ტბა | |
კოორდინატები: 29°09′20″ ს. გ. 119°30′50″ ა. გ. / 29.15556° ს. გ. 119.51389° ა. გ. | |
მდებარეობა | ავსტრალია |
ტერიტორიული ერთეული | დასავლეთი ავსტრალია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 382 მ |
სიგრძე | 80 კმ |
სიგანე | 100 კმ |
ფართობი | 1980 კმ² |
აუზის ფართობი | 17,900 კმ² |