ბარამგურიანი
ბარამგურიანი („შვიდი მთიები“) — ნოდარ ციციშვილის მიერ დამუშავებული პოემა XVIII საუკუნის შუა წლებში. სასანელი მეფის ბაჰრამ გურის (V ს.) თავგადასავალს მთელი ეპიზოდი დაუთმო ფირდოუსიმ „შაჰნამეში“. პირველი პოემა ამ თემაზე დაწერა ნიზამიმ. აქცენტი აქ გადატანილია ბაჰრამის სამიჯნურო თავგადასავალზე შვიდ მზეთუნახავთან და შიგ ჩართულ ნოველებზე. შემდეგ საუკუნეებში მიმბაძველნი ძირითადად იმეორებდნენ ქარგას, სიახლე ნოველების შერჩევა-განაწილებაში ვლინდებოდა. ნოდარ ციციშვილი პროლოგში მიუთითებს იმ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა (ნიზამი, ხოსრო დეჰლევი, ნავოი და ჯამი), თუმცა მისი ტექსტი უშუალოდ არც ერთ მათგანს მისდევს. ამდენად, „ბარამგურიანი“ დამოუკიდებელ დამუშავებად არის მიჩნეული. განსაკუთრებით საინტერესოა ჩართული ნოველები (შავი ქალაქის ამბავი, ომაინისა და ახის ამბავი, ალმასისა და ჯაბირის ამბავი, რუსთ ხელმწიფის ამბავი, გორჯასპ ზაულელის ამბავი, მაამებლისა და მაწყინარის ამბავი, უნაღვლოს მძებნელი მეფის ამბავი). ნოდარ ციციშვილის ვრცელი პოემა (ორი ათასამდე სტროფი) თავისი დროის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ამას ხელი შეუწყო შედარებით მაღალმა მხატვრულმა დონემ, რაც განაპირობა ვეფხისტყაოსნისეული ნაკადის შემოქმედებითმა ათვისებამ. 1975 წელს მოსკოვში გამოქვეყნდა ბ. რუდენკოს მიერ შესრულებული „ბარამგურიანის“ ბწკარედული რუსული თარგმანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნოდარ ციციშვილი, შვიდი მთიები, ბარამ გური, თბ., 1930.