ბარაკუდასებრნი, ზღვის ქარიყლაპიები (Sphyraenidae) — ზღვის თევზების ოჯახი იალქნოსნისნაირთა რიგისა. ტანის ფორმით ქარიყლაპიებს წააგვანან. თავი წამახვილებულია, პირი დიდი, კბილები ძლიერი (წინები ეშვისებრია). ზურგის ორი ფარფლიდან პირველს 5 ეკლიანი სხივი აქვს. ქერცლი მცირე ზომისაა, ციკლოიდური.[1] ცნობილია 1 გვარი (ბარაკუდა) და 30-მდე სახეობა.[2] დიდი ბარაკუდა (Sphyraena barracuda) სიგრძეში 2–3 მეტრს აღწევს. ბინადრობს ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში, სანაპირო ზონაში მცირე სიღრმეზე. იკვებება დიდი ზომის თევზით, რომელსაც ნაწილ-ნაწილ გლეჯს. ცნობილია ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებიც. მცირე ზომის ბარაკუდების ხორცი ძვირად ფასობს; ცენტრალური ამერიკის რაიონების დიდი ბარაკუდას საკვებად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადება (სიგუატერა), რასაც თან ახლავს კუნთების ტკივილი, ნერვული ცენტრების დაზიანება და სხვ., ზოგჯერ ლეტალურადაც მთავრდება.[1]

ბარაკუდასებრნი

დიდი ბარაკუდა (Sphyraena barracuda)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  იალქნოსნისნაირნი
ოჯახი:  ბარაკუდასებრნი
ლათინური სახელი
Sphyraenidae (Rafinesque, 1815)
  1. 1.0 1.1 Решетников Ю. С. Барракудовые // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 64.
  2. Family Sphyraenidae - Barracudas. FishBase. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2021