ბანგლადეშის ისტორია
თანამედროვე ბანგლადეში ახალგაზრდა სახელმწიფოა დიდი ისტორიით. ადამიანები აქ უძველესი დროიდან ცხოვრობენ. პირველი სახელმწიფოები აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში ჩამოყალიბდა.
ადრეული და შუა საუკუნეების პერიოდი
რედაქტირებაძვ.წ. VII-VI ს.ს.-ში ბანგლადეშის ტერიტორიაზე შეიქმნა პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო ვანგა, საიდანაც ერთ-ერთი თეორიის თანახმად მომდინარეობს თანამედროვე ბანგლადეშის სახელწოდება (ბანგლა - ბენგალური, დეშ - ქვეყანა).
ძვ.წ. IV-II ს.ს.-ში ბანგლადეში შედიოდა მაურიების იმპერიის შემადგენლობაში, რომლის დაშლის შემდეგ აქ წარმოიშვა დამოუკიდებელი სახელმწიფოები (სამატატი, დავაკა და სხვ.). ახალი წელთაღრიცხვის IV-V ს.ს.-ში ისინი შეუერთდნენ გუპტას იმპერიას.
VIII ს-დან ამ სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბენგალიის ტერიტორიაზე შეიქმნა ბენგალიის ერთიანი ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც XIII ს.-მდე იარსება.
ისლამიზაცია
რედაქტირებაფეოდალური დეცენტრალიზაციის პროცესებმა დააჩქარა ფეოდალური ბენგალიის სახელმწიფოს დაშლა მცირე ფეოდალურ სამთავროებად, რითაც ისარგებლა მუჰამედ ღურიმ და 1199-1202 წ.წ. დაიპყრო ეს ტერიტორია. მოგვიანებით ბენგალიის ტერიტორია შეუერთდა დელის სასულთნოს. მუსლიმანთა დაპყრობებს თან მოჰყვა ისლამის გავრცელება. XIV ს. შუა ხანებიდან დელის სასულთნოს ნაცვლები ბენგალში გახდნენ დამოუკიდებელი მმართველები. მათ მიერ დაარსებულმა რამდენიმე დინასტიამ 1576 წ-მდე აქბარის შემოსევამდე იარსება.
XVII ს.-ის დასაწყისში სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქ. დაკა. XVIII ს-ის დასაწყისიდან ბენგალიის სამეფისნაცვლო (სანავაბო) არსებითად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაიქცა.
ბრიტანული პერიოდი
რედაქტირებაბენგალი იმ დროს სამხრეთ აზიის სუბკონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული მხარე იყო. ინგლისელმა კოლონიზატორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან დამკვიდრდნენ ქვეყნის სანაპირო რაიონებში XVIII ს-ის შუა ხანებში ისარგებლეს დიდ მოგოლთა იმპერიის დაშლით და შინაომებით, დაიწყეს დამპყრობლური ომები. 1757 წ. პლესის ბრძოლის შემდეგ ბენგალი ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიას დაექვემდებარა.
კოლონიურ პერიოდში (1757-1947 წ.წ.), როცა ბენგალიის ეკონომიურმა და კულტურულმა ცენტრებმა ქვეყნის დასავლეთ რაიონებში (კალკუტა და სხვ.) გადაინაცვლა, ბენგალიის აღმოსავლეთი ნაწილი თანდათან მრეწველობის მხრივ ქვეყნის განვითარებული დასავლეთ ნაწილის აგრარულ დანამატად გადაიქცა. ბენგალში ჩამოყალიბდა ეროვნული ბურჟუაზია, წარმოიშვა პირველი ეროვნული ორგანიზაციები, XIX ს-ის 60-ან წლებში დაიწყო ეროვნული მოძრაობა.
ბენგალელთა, ისევე როგორც მთელი ინდოეთის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გავლენით. 30-ანი წლებიდან გამწვავდა რელიგიურ-თემური შუღლი ინდუსებსა და მუსლიმებს შორის, რომელსაც ხელოვნურად ამწვავებდნენ ინგლისელი კოლონიზატორები.
ბენგალის გაყოფა და პაკისტანთან გაერთიანება
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისი იძულებული გახდა ხელი აეღო ინდოეთზე. 1947 წ. 3 ივნისის დეკლარაციის თანახმად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა დეკლარაცია, რომლის თანახმად ყოფილი კოლონიის ტერიტორიაზე რელიგიური ნიშნით შეიქმნა ორი დომინიონი - ინდოეთის კავშირი და პაკისტანი. აღმოსავლეთ ბენგალის ტერიტორია შევიდა პაკისტანის შემადგენლობაში და შეადგინა პროვინცია აღმ. პაკისტანი (პაკისტანის მოსახლეობის 54,2 %). ეკონომიკური განვითარების დონით იგი ჩამორჩებოდა დას. პაკისტანს. მიწის მაგნატებისა და არაბენგალელი მსხვილი მეწარმეების ბატონობის გამო შელახული იყო აღმ. პაკისტაბის ბენგალიის ეროვნული ბურჟუაზიის ეკონომიური და პოლიტიკური ინტერესები, რაც თავს იჩენდა სახელმწიფო ასიგნებათა, უცხოეთის დახმარების, სახელმწიფო თანამდებობების განაწილების დროს. აღმ. პაკისტანში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა აგრეთვე სახელმწიფოს მმართველი წრეების მრავალგზისი მცდელობა სახელმწიფო ენად მხოლოდ ურდუ გამოეცხადებინათ. (1951 წ. აღწერით ურდუ იცოდა მხოლოდ აღმ. პაკისტანის მოსახლეობის 1,1 %). გაძლიერდა ბენგალელთა ეროვნული მოძრაობა. 40/50-ანი წლების მიჯნაზე წამოაყენეს ბენგალიის სრული ავტონომიის მინიჭების მოთხოვნა. პაკისტანის პრეზიდენტის მ. აიუბ-ხანის ადმინისტრაციამ რამდენადმე გააფართოვა აღმ. პაკისტანის ხელისუფალთა უფლებამოსილება ეკონომიკურ საკითხებში, ქ. დაკა მეორე დედაქალაქად გამოცხადდა 1962 წ., მაგრამ ქვეყნის ორი ნაწილის ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობა კვლავ სახეზე იყო.1962-1968 წ.წ. აღმ. პაკისტანში გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა.
ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
რედაქტირება1969 წ. დამყარდა სამხედრო რეჟიმი გენერალ ა.მ. იაჰია-ხანის მეთაურობით. 1970 წ. პირველ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა ბენგალიის ეროვნულმა პარტიამ - ავამი ლიგამ შეიხ მუჯიბურ რაჰმანის მეთაურობით. პაკისტანის მმართველმა წრეებმა უარი განაცხადეს ბენგალიისათვის რეგიონალური ავტონომიის მინიჭების შესახებ. მოეწყო მასობრივი გაფიცვა, რომელიც 1971 წ. მარტში სამოქალაქო ურჩობაში გადაიზარდა. 1971 წ. 26 მარტს მუჯიბურ რაჰმანი დააპატიმრეს. პარტია ავამი ლიგა აიკრძალა. არმიამ დაიწყო მასობრივი რეპრესიები ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ. მილიონობით ლტოლვილმა ინდოეთს მიაშურა. საპასუხოდ, 1971 წ. 26 მარტს გამოცხადდა ბანგლადეშის დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკა. პაკისტანის კრიზისმა და მილიობით ლტოლვილის გადასვლამ ინდოეთში გაამწვავა ურთიერთობა ამ სახელმწიფოებს შორის, რაც ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.
ბანგლადეში
რედაქტირება1972 წ. 10 იანვარს ქ. დაკაში დაბრუნდა პატიმრობიდან გათავისუფლებული შეიხი მუჯიბურ რაჰმანი. 1974 წ. დამდეგისათვის ბანგლადეში ცნო მსოფლიოს 116-მა სახელმწიფომ, მათ შორის თავად პაკისტანმა. ქვეყნის დროებით მმართველად დანიშნული იყო მუჯიბურ რაჰმანი, რომელიც 1975 წ. 15 აგვისტოს რეაქციული ძალების მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალების დროს მოკლეს. 1975-1976 და 1982-1986 წლებში ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დამყარდა. 1988 წელს ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.