ბათისკაფი
ბათისკაფი (ბერძ. βαθύς — „ღრმა“ და σκάφος — „გემი“) — ოკეანოგრაფიული და სხვა გამოკვლევებისათვის განკუთვნილი ღრმა წყლის ავტონომიური (თვითმავალი) აპარატი. შედგება ტივტივასა და გონდოლისაგან (ფოლადის სფერო). ტივტივას ძირითადი ნაკვეთური გავსებულია წყალზე მსუბუქი სითხით (მაგალითად, ბენზინით); სხვა ნაკვეთურებში ცისტერნები და აკუმულატორებია, გონდოლაში კი — ეკიპაჟი, მართვის აპარატურა, ჰაერის სარეგენერაციო სისტემა, რადიოსადგური, ულტრაბგერითი ტელეფონი, სატელევიზიო კამერა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის საჭირო ხელსაწყოები. გონდოლაზე გარედან დამაგრებულია წევის ხრახნებიანი ელექტრული ამძრავები და რამდენიმე სანათი. სრულყოფილ ბათისკაფს აქვს გრუნტის სინჯის ასაღები მოწყობილობა, ფოტოაპარატი და მანიპულატორის დისტანციური მართვის სისტემა წყალქვეშა სამუშაოს ჩასატარებლად. ბათისკაფის ცურვადობა მყარი ბალასტის (ჩვეულებრივ, საფანტის) ჩამოყრითა და სამანევრო ცისტერნიდან ბენზინის გამოშვებით რეგულირდება. პირველი ბათისკაფი (FNRS-2) ააგო და გამოცადა (1948) შვეიცარიელმა ო. პიკარმა. 1953 წელს პიკარი თავის შვილ უაკთან ერთად ბათისკაფ „ტრიესტით“ 3160 მ სიღრმეზე ჩაეშვა. 1954 წელს ფრანგებმა ჟ. უომ და პ. ვილმმა ბათისკაფ FNRS-3-ით 4050 მ სიღრმეს მიაღწიეს. 1960 წელს ჟ. პიკარმა და დ. უოლშმა მოდერნიზებული ბათისკაფი „ტრიესტით“ წყნარ ოკეანეში მარიანას ღარის ფსკერს მიაღწიეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 147.