ახუთის მაცხოვრის ეკლესია

ახუთის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში.

მოზრდილი დარბაზული ეკლესია ნაგებია იდეალურად თლილი შირიმის მონაცრისფრო კვადრებით. წყობა თარაზულია. ეკლესიის ზედა ნაწილს მთლიანად სურო აქვს მოდებული. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი ნალისებრი აფსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია გარეთ შევიწროებული არქიტრავული სარკმელი. აბსიდის სამხრეთ მხარეს ორი, ხოლო ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. კონქი შეისრულია. მას ეტყობა გვიანდელი გადაკეთების კვალი. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. გრძივი კედლები დაყოფილია მძლავრი პილასტრებით, რომლებიც დაგვირგვინებულია პროფილირებული კაპიტელებით. კაპიტელებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. პილასტრებს ერთი მხრიდან წყვილი საფეხური ებჯინება, მეორე მხრიდან თაროები. თაროებიდან იშლება კედლის ნახევარწრიული თაღები, ხოლო საფეხურებიდან ოდნავ შეისრული. თაღების მიერ შექმნილი შეღრმავებებით ხაზგასმულია პროპორციათა მოხდენილობა. პილასტრები ორსაფეხურიან ბაზისებზე დგანან. დასავლეთით კამარის საბჯენი თაღი მცირე ზომის კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესიას შესასვლელი სამივე კედელში აქვს დატანებული, დასავლეთის თაღოვანია, სამხრეთის და ჩრდილოეთის კი შიგნით თაღოვანი, გარეთ არქიტრავულია. სამივე კარის თავზე მაღალი სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. ინტერიერში, კედლებზე შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. სამხრეთ კედლის ერთ-ერთ პილასტრზე მოხატულობის უმნიშვნელო კვალია. ჩრდილოეთით მდებარე პილასტრზე ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთიდან მას აქვს ორსაფეხურიანი, ხოლო დანარჩენ სამ მხარეს ერთსაფეხურიანი ცოკოლი. ეკლესიიდან ჩრდილოდასავლეთით 7-8 მეტრში მდებარეობს კრიპტა. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10334