ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია (ჟალური)
ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ჟალურის უბანში. თარიღდება XVIII საუკუნით, შეკეთებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია (10,9 X 6,7 მ), ნაგებია რიყის ქვით. ხოლო კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმელთა წირთხლები და ლავგარდანი - აგურით. ეკლესია დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საბურავი, გრძივ ფასადებზე ლავგარდნის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.
შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, სხვადასხვა ზომის ორ-ორი თაღოვანი ნიში. სარკმელთან ახლოს მდებარე ნიშები შედარებით მოზრდილია და გეგმით ნახევარწრიული ფორმა აქვთ. დანარჩენი ორიდან, ჩრდილოეთით მდებარე ნახევარწრიულია, სამხრეთისა - სწორკუთხა. საკურთხეველი დასრულებულია დადაბლებული პროპორციების კონქით. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთის ორივე კუთხეში თითო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული ფორმის საბჯენი თაღი. შეისრულია კამარაც. აკუსტიკური შთაბეჭდილების გაზრდის მიზნით კამარაში ჩასმულია ოთხი პატარა ქვევრი (რეზონატორები). დასავლეთით (შესასვლელის თავზე), ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო ფართო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლების ქვემოთ კი თითო თაღოვანი ნიში. ეკლესია შიგნით შელესილი და შეთეთრებულია.
ეკლესიის შეკეთებისას დასავლეთ კედელზე დაუშენებიათ ოთხივე მხარეს ბრტყელი თაღებით გახსნილი და პირამიდული ფორმის სახურავიანი (შემორჩენილია მცირე ნაწილი) სამრეკლო.
ეკლესიის აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადების ფრონტონებში თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. დასავლეთ ფასადზე, ფრონტონის ძირებთან, აგურის წყობით გამოყვანილია თითო რელიეფური რგოლი. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ნაწილობრივ მხოლოდ განივ ფასადებსღა შემორჩათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 40.