ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია

ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას საბეროს უბნის თავზე, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 4,9 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტის საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული, ჩამონგრეულია აფსიდის თაღისა და კამარის მნიშვნელოვანი ნაწილი.

შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილშია. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით მოკლე მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია, რომელიც ინტერიერის განათების ერთადერთი წყაროა. სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდი გადახურულია კონქით, დარბაზი - ცილინდრული კამარით.

ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა, კედლები დასრულებულია შირიმის ქვებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით.

ლიტერატურა

რედაქტირება