ახმეტის ბზიანის საყდარი
ახმეტის ბზიანის საყდარი – ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ახმეტის დასავლეთით, ხევის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (5,5 X 4,1 მ). ნაგებია თანაბარი ზომის რიყის ქვით. წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ ნახევარი, ფასადებზე ჩამოცვენილია საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი კარგად შერჩეული წვრილი რიყის ქვით ნაწყობი თაღითაა გადახურული. თაღის მალი კარის ღიობის სიგანეს ოდნავ აღემატება, რის გამოც ქუსლების დონეზე თითო პატარა საფეხურია შექმნილი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთადერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის შიგნითა თაღი ნახევარწრიულია, გარეთა - ნალისებრი. აფსიდი დასრულებულია წესიერი ფორმის, ღორღისა და დუღაბის სხმული კონქით. სხმულია კამარაც, იგი განივჭრილში ნახევარწრიული მოხაზულობისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 32.